in , ,

დიანა ტევანიანის Trash-პოეზია

ყველაფერს მიდებ-მოდებული ენთუზიასტი – ასე უწოდებს საკუთარ თავს დიანა ტევანიანი – დიზაინერ-ლექტორ, stand-up კომიკოსი და ტიკტოკერი, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და უქმეებზე უშაქრო დესერტებს აცხობს. დიანას შესაძლოა, უკვე იცნობთ ტიკტოკიდან, თავისი გამორჩეული კონტენტით, კერძოდ კი თრეშ პოეზიით. მასთან ინტერვიუ ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა და დარწმუნებული ვართ, Venue.-ის მკითხველებს ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ.

თრეშ პოეზია

დიანა, სოციალური მედიის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ტიკტოკიდან გაგიცნო, შენი კონტენტი ძირითადად ე.წ. თრეშ პოეზიის ვიდეოებისგან შედგება, როდის დაიწყე წერა და როდის გადაწყვიტე, რომ შენი ლექსები ტიკტოკის მომხმარებლებისთვის გაგეზიარებინა?

პირველი ლექსი დავწერე ერთი წლის წინ. ძალიან შემთხვევით შემომერითმა რამდენიმე წინადადება და არ გავაჩერე აზრთა ნაკადი. შემდეგ მოვიფიქრე ლოკაცია, ჩაცმულობა, დავსვი ინტონაციები და წავედი ვიდეოს გადასაღებად ვერის პარკში. 10 დუბლის შემდეგ, ვიდეო დავდე ჩემს fb გვერდზე და აღარ გავჩერდი. ამას მოჰყვა მეორე, მესამე. ერთხელაც თანამშრომელმა მირჩია ტიკტოკზე დამედო და სანამ მიყვებოდა, რატომ უნდა მექნა ეგ, უკვე დავრეგისტრირდი და დავდე პირველი ვიდეო. ტიკტოკი აფეთქდა. დღეში ალბათ 100-150-მდე ნოტიფიკაცია მომდიოდა, კომენტარების ნაკადს ვერ ვაკონტროლებდი. 1000 გამომწერს ისე ავცდი, რომ ვერ მოვასწარი სქრინის გადაღება და 1060-ის 1000-ად გადაკეთება მომიწია ფოტოშოპში, მეგობრებისთვის რომ მეჩვენებინა მრგვალი რიცხვი.

რას ნიშნავს თრეშ პოეზია და როგორ ფიქრობ, პოეზიის ამ მიმართულებას რა პოტენციალი აქვს, მაგალითად, შეიძლება თუ არა გამოყენებული იყოს მაგალითად, სარეკლამო ინდუსტრიაში, სოციალური მედიის კამპანიებში და ა.შ.

„თრეშ პოეზია“ ჩემი მოგონილი ტერმინია და თავის თავში მოიაზრებს ლოგიკურ და ალოგიკურ რითმებს. თრეშ ლექსი რომ გესმით, თითქოს ხვდებით, რაზეა საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ გაიგეთ. თითქოს სიუჟეტი აქვს, თითქოს მიჰყვებით აზრებს, მაგრამ უეცრად ყველაფერი იცვლება და გამოდის, რომ ვერაფერიც ვერ გაგიგიათ. ეს ბადებს არაერთგვაროვან ემოციებს, ამიტომ ხანდახან ადამიანებს ეცინებათ, ხანდახან კი უჩნდებათ კითხვა: „ეს რა იყო?“ როგორც მარკეტინგის შვილი და კრეატიული სფეროს ერთგული, აბსოლუტურად ვხედავ ამ მიმართულების ადგილს სარეკლამო ინდუსტრიაშიც. ჩემი აზრით, ეს არის კომუნიკაციის ერთ-ერთი უნიკალური და ჯერ არგაცვეთილი ფორმა.

საინტერესოა თრეშ ლექსის წერის პროცესი – ჯერ იგონებ თემას და მერე ამ თემაზე წერ ლექსს, თუ თავში თავისით მოდის სიტყვები, იქმნება რითმები და ასე იწერება ლექსი?

ეს პროცესი ჩემთან მიმდინარეობს ორნაირად:

1) ვიგონებ რომელიმე სიტყვის მაქსიმალურად შორეულ, მაგრამ გარითმულ სიტყვას (მაგალითად, ჯარი – კარი, ძველი – გველი) და ამაზე ვაწყობ წინადადებებს

2) ან ვიგონებ ბუნდოვან სიტუაციას და შემდეგ მოდის კონკრეტული სიუჟეტი და რითმები (მაგალითად, რას ვიზამ თუ მაღაზიაში შემთხვევით შემხვდება ჩემი ყოფილის ახლანდელი შეყვარებული)

თრეშ ლექსის დასაწერად პოეტური ნიჭი არის საჭირო, თუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც სიტყვების გარითმვის უნარი აქვს?

არ დაგიმალავთ, მაგრამ ნიჭი არ მწამს. მწამს შრომისმოყვარეობა და ემოციური კავშირი რამე საქმიანობასთან. ვისაც მოსწონს ეს მიმართულება, აუცილებლად შეძლებს გაჰყვეს. თანაც „თრეშ პოეზია“ არის ძალიან თავისუფალი, თამამი, ზომიერად სულელური და სასაცილო სირცე, სადაც მარცხის არ უნდა შეგვეშინდეს.

ტიკტოკი და რეკლამა

​ტიკტოკის საშუალებით არაერთი ადამიანი გახდა ცნობადი, ე.წ. ინფლუენსერი და ამ პლატფორმის საშუალებით ფინანსური სარგებელიც ნახა, შენ თუ გქონია რაიმე შემოთავაზება რომელიმე ბრენდისგან, რომ მისი პროდუქციისთვის რეკლამა გაგეკეთებინა?

კი, ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე კომპანიასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთი ჩემი ვიდეო არ შეიცავს დასპონსორებულ რეკლამას. ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები და მაქვს ჩემი ფილტრები, რის მიხედვით ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ რეკლამას.

თავდაპირველად შესაძლოა, ეს მიზანი არ გქონდა, მაგრამ ახლა თუ გეგმავ, რომ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენო ტიკტოკი ან სხვაპლატფორმა?

ეს არ არის ბიზნესი. ჩემი დიდი მიზანი და მოტივაცია ის არის, რომ დავტოვო კვალი ადამიანების გონებაში. მინდა, შთავაგონო და გავახალისო სხვები, ამიტომ ამჟამად კომერციული კუთხით ვერ ვხედავ ჩემს კომუნიკაციას ხალხთან.

„ჰეითერები“

ტიკტოკი ის სოციალური პლატფორმაა, სადაც ძალიან ხშირია ნეგატიური კომენტარები თუნდაც ყველაზე პოზიტიურ ვიდეოებზეც კი, ასეთი კომენტარის ავტორებს ვუწოდებთ „ჰეითერებს“, შენ როგორი ურთიერთობა გაქვს შენს „ჰეითერებთან“, როგორ პასუხობ ხოლმე?

ჰეითერებს არ ვაჰეითებ. ასეთი პოლიტიკა მაქვს ცხოვრებაშიც და ჩემს არხებზეც.
როგორც წესი, ჰეითერი, ანუ ადამიანი ვინც ცუდ რაღაცებს გწერს – არის ჩაგრული. ის არის სხვა ცუდი ადამიანების ანარეკლი. ეს ფაქტი სამწუხაროა და როცა ამას იაზრებ, ნეგატივისგან იცლები მათ მიმართ. ჩემს ჰეითერებს ველეპარაკები ხოლმე. ხან ვცდილობ სწორ გზაზე დავაყენო და ავუხსნა, რომ თავისი საქციელის შერცხვება,  ხან კიდე ვცდილობ ვიხუმრო ისე რომ თვითონაც გაეცინოს. გამოდის, რომ ჰეითერებს ვებრძვი სიყვარულით.

ზოგადად, რას ფიქრობ, „ჰეითერები“ ზიანის მიყენებაზე მეტად უფრო კარგ საქმეს ხომ არ აკეთებენ და ხელს უწყობენ კონკრეტულ პიროვნებას ინგეიჯმენთისა და შესაბამისად ცნობადობის გაზრდაში?

ორივე. მგონია, რომ დამოკიდებულია ქონთენთზე, რომელსაც აჰეითებენ. თუ პროვოკაციულ ქონთენთს აჰეითებენ, მგონია, რომ მის ავტორს უხარია, რადგან თავის მიზანს მიაღწია. თუ კი სიძულვილით სავსე კომენტარები იწერება კეთილგანწყობილ ვიდეოზე, ეს უკვე პრობლემაა.

კი, კომენტარები და ჩართულობა ზრდის მნახველების რიცხვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კომუნიკაცია მასასთან არის სულ სხვა საქმე და ირთვება სხვა ფსიქოლოგია. შეიძლება, ადამიანს ვიდეოს ქვეშ კარგი კომენტარის დაწერა უნდოდეს, მაგრამ როცა წაიკითხავს სიძულვილით სავსე სხვა კომენტარებს, შეიძლება გადაიფიქროს.

„იუთუბი“

რამდენიმე დღის წინ იუთუბზეც დარეგისტრირდი, როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რა კონტენტს უნდა ელოდონ შენი გამომწერები?

ამ გადაწყვეტილებამდე მოვდიოდი რამდენიმე თვე. ორჯერ მოვიწყვე გადაღება, გავაკეთე მონტაჟი და არ მომეწონა. ბოლოს ვთქვი, რომ მესამედაც თუ არ გამომივა – ესე იგი არ არის ჩემი. მესამე გადაღებისთვის ძალიან კარგად მოვემზადე, შევიძინე ახალი განათებები და შტატივი. გადავიღე, დავამონტაჟე – მაინც არ გამოვიდა. გავიდა დრო და ჩემს თავს ვუთხარი „რა სამწუხაროა, რომ ასე მალე დანებდი თქო“. რა თქმა უნდა, ამ ცინიკურ, დემოტივაციურ ტონს ვერ გაუძლებდა ჩემი ჩელენჯერი ხასიათი და მოვხატე კედელი, დავკიდე წითელი ნათურები, დავწერე სცენარი, ორი დღე ჩავიკეტე ოთახში და გამოვიდა.

ჩემს YouTube არხზე თრეშ პოეზიას ვაძლევ ახალ სიცოცხლეს, ვეძებ მის ახალ ფორმებს. ასევე ვგეგმავ ვურჩიო სხვებს, როგორ აღმოაჩინონ თავიანთ თავებში უნიკალურობა – ის, რაც უდავოდ ყველას გაგვაჩნია. მინდა, ვიყო მათი ბიძგი.

ვის მიიჩნევ შენს კონკურენტად იუთუბზე?

ბანალური პასუხი უნდა გაგცე – არავის. ჩემნაირი ქონთენთი არ აქვს არავის, ისევე როგორც მე არ მაქვს არავისნაირი ქონთენთი. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, მინდა, იყოს რაც შეიძლება მეტი უნიკალური შემქმნელი.

რა გეგმები გაქვს იუთუბთან დაკავშირებით?

მგონია, რომ რაც უფრო მეტ მიმართულებას ვცდი, მით უფრო გამიხარდება და გავახარებ. არ ვგეგმავ კონკრეტულ ფორმატს, უფრო მეტი ლავირების საშუალებას შევუქმნი ჩემს თავს და ახალი აღმოჩენებით გაგახალისებთ ხოლმე.

დიზიანი

როგორ ვიცი, გრაფიკული დიზაინერი ხარ და ეს არის შენი ძირითადი საქმიანობა – მოგვიყევი, კონკრეტულად რა მიმართულებაზე მუშაობ და რომელ კომპანიაში?

კი, გრაფიკულ დიზაინერად უკვე 8 წელია ვმუშაობ და ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებებით, მიყვარს ექსპერიმენტები. მაგალითად, ამჟამად ვმუშაობ აჭარაბეთში პრომო გვერდების გრაფიკაზე. ასევე ფრილანსზე ვმუშაობ თამაშის დიზაინზე და ამის პარალელურად მონაცემთა ვიზუალიზაციისპროექტზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ დავამთავრე ჩემი ორთვიანი კურსი დამწყებთათვის და გავუშვი დამწყები დიზაინერების პირველი ნაკადი.

ბოლოს მინდა, გკითხო, ყველაზე ბანალურ კითხვების ათეულის ერთ-ერთი კითხვა – მოგვიყევი შენს სამომავლო გეგმებზე და თუ რაიმეს დამატება გინდა, რაც ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებში არ იყო.

ჩემი უახლოესი გეგმაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნო ჩემი YouTube არხი. არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ გამოწერონ ან გააზიარონ, უბრალოდ, მინდა რომ იცოდნენ მისი არსებობის შესახებ და შემდეგ თავად გადაწყვიტონ მათთვის ეს საინტერესოა თუ არა. მგონია, რომ ზუსტად ასე იქმნება გულწრფელი გულშემატკივრების ჯგუფი.

დიანა სოციალურ მედიაში

https://www.tiktok.com/@the.diannn

https://www.youtube.com/channel/UCKQbuHE0R_U0fPu-bzn5uBA

https://www.facebook.com/diana.tevanian/

https://www.instagram.com/diana.tevanian/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი

#სტარტაპი MZE – ქართული წარმოების თხევადი საპონი