in

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სასწავლებლად

თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ხარისხიანი განათლების მიღება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმატებულ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის. ეს დასავლური განათლების მიღების სურვილს დღითიდღე ზრდის ახალგაზრდებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორი წვდომა გვქონდეს იმ ინფორმაციაზე, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს იძლევა.  

სტატიაში გაგაცნობთ საქართველოში არსებულ ცენტრებსა და საერთაშორისო პროგრამებს, რომლებიც ქართველ სტუდენტებს, მოსწავლეებსა და პროფესიონალებს დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC.GE)

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება საზღვარგარეთ მიიღონ და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოშივე შეძლონ. ცენტრი 2014 წელს დაარსდა და ოთხი წლის განმავლობაში 850 სასწავლო სტიპენდია აქვს გაცემული. განათლების საერთაშორისო ცენტრი დაფინანსებას კონკურსის შედეგად გასცემს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა კი ელექტრონული აპლიკაცია უნდა შეავსონ.

ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (CIE.GE)

საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციისა და დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება. ფონდი მსურველებს კონსულტაციებს, საინფორმაციო სესიებს, ინგლისური ენის კურსებს, ლექციებსა და საგანმანათლებლო გამოფენებს სთავაზობს.

„საერთაშორისო განათლების ცენტრი„ „ღია საზოგადოება-საქართველოს“, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება.

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი (LEAF.GE)

ცენტრი მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებასა და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო აპლიკაციებისა და ესეების მომზადებაში ეხმარება. ის 2008 წელს დაარსდა და 750-ზე მეტ სტუდენტს მისცა ევროპული თუ ამერიკული განათლების მიღების საშუალება.

Erasmus+

საქართველოს ოფისი 2014 წელს დაარსდა. ის ევროკავშირის საგრანტო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ქართველი სტუდენტების ევროპულ ქვეყნებში სწავლებას აფინანსებს უმაღლესი განათლების სამივე დონეზე. ერასმუსის სტიპენდიის მოპოვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონაა.

აშშ-ის საელჩოს პროგრამები

საერთაშორისო მწერალთა პროგრამა (IWP)

ინტერნაციონალური ყოველწლიური ფორუმია აიოვას უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიტერატურის მოღვაწეებს 12-კვირიანი პროგრამის ფარგლებში აერთიანებს. პროგრამა მონაწილეებს თავიანთი ქვეყნის ლიტერატურის აშშ-ს აუდიტორიისთვის წარდგენის საშუალებას აძლევს.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა (Fulbright Graduate Student Program)

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამაა. კანდიდატთა შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე ხორციელდება და მისი ძირითადი სპონსორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეთა ბიუროა (ECA).

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას რომ განათლების მიღება ამერიკის საშუალო სკოლაში განაგრძონ და ამერიკულ მასპინძელ ოჯახში იცხოვრონ. პროგრამა მთლიანად ფინანსდება და ის ორი წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს სტიპენდიას სთავაზობს.

UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

2021-22 წლის საკონკურსო განაცხადებს 28 თებერვლის ჩათვლით იღებს. პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით 250 სტუდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში უზრუნველყოფს სტიპენდიით.  

აშშ-ს საელჩო საქართველოში გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა საქართველოს მოქალაქეებს სხავდასხვა პროფესიულ, პრაქტიკულ თუ საზაფხულო პროგრამებსაც სთავაზობს, რომელთა ნახვაც მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.

ჩივნინგის სტიპენდიების პროგრამა (Chevening in Georgia)

დიდი ბრიტანეთის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა. ის მსოფლიოს მასშტაბით აპლიკანტების/პროფესიონალების სწავლას აფინანსებს დიდ ბრიტანეთში. ჩივნინგის სტიპენდიანტები დაფინანსებით სწავლობენ ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

Stipendium Hungaricum

საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლიდან უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ უმაღლესი განათლების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოკტორანტურის საფეხურზე, ისწავლონ უფასოდ და მიიღონ უნგრეთის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სტიპენდია.

მასალაზე იმუშავა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სიკვდილის შემდეგ ადამიანის ჩეთბოტად გაცოცხლება – რას აპირებს Microsoft-ი

Netflix-ის ახალი ფუნქცია გადაუწყვეტელი მომხმარებლებისთვის