განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სასტიპენდიო პროგრამები გამოაცხადა.
2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა.
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
• სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
• აკადემიური პროგრამები იტალიაში
პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.
ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge – 5 თებერვალს დაიწყო, საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში განაცხადები 5 მარტის, ხოლო დანარჩენ პროგრამებზე 5 აპრილის ჩათვლით მიიღება.
პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: [email protected] მეშვეობით.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 1000-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
Loading…