in , ,

„კუბი კონტექსტში“ – პროექტი, რომელიც ძველ საბჭოურ შენობას თანამედროვე სივრცედ აქცევს

კუბი კონტექსტში

„კუბი კონტექსტში“ მზიურის პარკში მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობის რეკონსტრუქციული პროექტია, რომელიც ძველ შენობას მულტიდისციპლინურ სახელოვნებო სივრცედ აქცევს.

საბჭოთა პერიოდის ნაგებობის აღდგენისა და ფუნქციური დატვირთვის იდეა თანამედროვე მხატვრებს ვასილ მაჭარაძესა და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნის.

„კუბი კონტექსტში“ ათწლეულის წინ დაწყებული პროექტია, რომელიც, იდეის ავტორებთან ერთად, კინომცოდნე ანუკა ლომიძის, ფოტოგრაფ ანა გოგუაძისა და არქიტექტორ თორნიკე აბულაძის  თანამშრომლობით ვითარდება.

პროექტის მთავარი პარტნიორი 2020 წლიდან თბილისის მერიაა.

გთავაზობთ ინტერვიუს „Cube In Context“-ის გუნდთან.

როდის და როგორ გაჩნდა მზიურის პარკში მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობის თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაქმნის იდეა?

კოკა ვაშაკიძე:

უახლესი წარსულის იდეოლოგიური პროპაგანდის იარაღად აშენებული ნაგებობების გარკვეული ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული და საჯარო სივრცეში, ერთი შეხედვით, კონტექსტიდან ამოგლეჯილ არსებობას განაგრძობდა. ჩვენი მიზანი, შენობის მოწოდებულ რეპლიკაზე ადექვატური პასუხის გაცემით, დამთვალიერებლისთვის თავისუფალი ინტერპრეტაციის სივრცის შექმნა იყო, რაც შენობასა და სივრცეს შორის დიალოგის წარმართვასა და ნაგებობის საზოგადოებრივ ცნობიერებაში, საბოლოო რეაბილიტაციას შეუწყობდა ხელს.

ყოფილი საბაგირო შენობის მინიმალისტურ გალერეად ქცევისა და ფუნქციურად დატვირთვის იდეაზე 2011 წლიდან ვმუშაობთ. მაშინ, „ტრანსკავკასიის“ ფესტივალის ფარგლებში შევსებული განაცხადით, პროექტის განხორციელების ბიუჯეტიც მოვიპოვეთ, თუმცა ტექნიკური გაუგებრობების გამო, როგორიც ნაგებობის მფლობელის დადგენა იყო ან მასში ცვლილებების შეტანაზე ნებართვის აღება, თანხის ფონდში დაბრუნება და პროექტზე მუშაობის დამოუკიდებლად გაგრძელება მოგვიწია.

ვასილ მაჭარაძე:

ეს იყო მარტივი გეომეტრიული კონსტრუქცია, რომელიც თავისი მინიმალიზმით თავიდან ირიდებდა ნებისმიერ იდეოლოგიურ თუ სტილისტურ მიკერძოებას და ამავდროულად, ახალ დასაწყისს გვთავაზობდა. ისეთს, წარსულთან კავშირს რომ ინარჩუნებდა, ამავე დროს, მომავლის პოტენციალს გვაჩვენებდა.

მაშინვე ნათელი იყო, რომ ამ არქიტექტურული ნამუშევრის მომავალი შეიძლებოდა შეუთავსებელი აღმოჩენილიყო საზოგადოებაში გაბატონებულ სტილისტიკურ ამბიციებთან, სავარაუდოდ, დაანგრევდენ კიდეც. ამისთვის კი უსაფრთხო თავშესაფარი ხელოვნების სფეროში უნდა მოგვეძებნა.

რა ეტაპზე არის ახლა სამუშაოები?

თორნიკე აბულაძე:

ამ წუთს, შენობის რეკონსტრუქციის ეტაპი დასასრულს უახლოვდება. გამყარდა მონოლითური ნაგებობა. დაემატა სველი წერტილი და ლიფტი. ჩვენივე დიზაინით გარემონტდა ინტერიერი, ფასადი კი ხარისხიანი, ნაკლებად დაზიანებადი ფილებით შეიფუთა. ბევრს ჰქონდა მოლოდინი რომ კუბს უბრალოდ, გადავღებავდით, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ამ ფილების გამოყენება გადაწყდა – შენობის გათბობა-გაგრილების საკითხი და მდგრადი ფასადის არსებობა იყო, რომლის დამუშავება-გადაღებვაც ყოველწლიურად არ უნდა გახდეს აუცილებელი. მარტის შუა რიცხვებში, სამშენებლო კომპანია დატოვებს სივრცეს, შემდეგ კი ავეჯზე, ტექნიკასა და ეზოს პერიმეტრის მოწყობაზე დავიწყებთ მუშაობას.

როდისთვის იგეგმება „კუბი კონტექსტშის“ გახსნა?

თორნიკე აბულაძე:

გეგმის მიხედვით, მაისის ბოლოს ავეჯი და ეზოს მოწყობა დასრულებული იქნება და ზაფხულის პირველ დღეებში უკვე შევძლებთ გახსნის გამოფენის ორგანიზებას.

როგორც ცნობილია, საერთო სამუშაო სივრცეც იქნება შენობაში, ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ.

ანა გოგუაძე:

საერთო სამუშაო სივრცის ფორმატი თავისთავად გამოიკვეთა. თავიდან, მეორე სართულს მხოლოდ ელექტრონული მედიათეკის სახით მოვიაზრებდით, სადაც სოციალური საწარმოს „კუბი კონტექსტში“ წევრებს ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით კვლევებისა თუ სამუშაო პროცესის წარმართვა შეეძლებოდათ.

თუმცა, მუშაობის პროცესში, ნათლად დავინახეთ, რომ ჩვენი სტუმრები მხოლოდ ხელოვნებასთან ასოცირებული ადამიანები არ იქნებიან და ეს პროექტი ნამდვილად აინტერესებს ყველას, ვისაც ინოვაციური მიდგომები, განსხვავებული სივრცე, ბუნება, მყუდრო და მშვიდი სამუშაო გარემო უყვარს.

რითი იქნებაკუბიგანსაკუთრებული თუ განსხვავებული სივრცე და რას შესთავაზებს ის ქართველ თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს?

ანუკა ლომიძე:

ირგვლივ, არა ერთი კულტურული წერტილი, გალერეა და საერთო სამუშაო სივრცეა, თუმცა, „კუბი კონტექსტში“, ვფიქრობ, განსაკუთრებულად საყვარელი და კომფორტული იქნება, სხვა და სხვა ასაკისა თუ ინტერესების მქონე სტუმრებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი, საზოგადოების განსხვავებულ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმოების ხელშეწყობა და სახელოვნებო პროცესების ისეთ ადამიანებამდე მიტანაა, რომლებიც შეიძლება, აქამდე, ნაკლებად ინტერესდებოდნენ საგამოფენო სივრცეებით ან იშვიათად უწევდათ მოხვედრა იქ, სადაც კულტურული ღონისძიებები იმართებოდა. კუბის რეკრეაციულ ზონაში, პირდაპირ დასასვენებელი პარკის ცენტრში მდებარეობა საშუალებას ქმნის ხელოვნება თვითონ მივიდეს განსხვავებული ასაკის, გამოცდილების, პროფესიისა თუ შესაძლებლობის მქონე ადამიანებამდე, დააინტერესოს, წარმოშვას კითხვები და წაახალისოს პასუხების ძიების პროცესები. ჩვენი სტუმრები შეეხებიან თანამედროვე ხელოვნებაში არსებულ ფორმებს, ჩაერთვებიან სადისკუსიო ფორმატის შეხვედრებში, იქნებიან სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ვორქშოფებისა და ტრეინინგების მონაწილეები და პარკში, უბრალოდ, დასასვენებლად მოსულები, შემეცნებითი პროცესით, შემოქმედებითად შეძლებენ განტვირთვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – ამოიცნობ თუ არა ქართველ ქალს ფოტოებზე?

iMac Pro-ს მოდელების წარმოება შეჩერდა