კიოტოს, ოსაკისა და ფუკუის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა კბილების ხელახალი გაზრდის მეთოდს მიაგნეს. მათ აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელმაც, შესაძლოა, კონკრეტულ გენზე ზემოქმედების მეშვეობით ადამიანებში დაკარგული კბილების ხელახალ გაზრდას შეუწყოს ხელი.
იაპონელ მეცნიერთა განცხადებით, კბილების გაზრდაში უდიდეს როლს ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) Wnt-ს სახელით ცნობილი სასიგნალო მოლეკულები ასრულებენ. მათზე პირდაპირმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ორგანიზმში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებმა სამიზნე ობიექტად ერთ-ერთი გენი, USAG-1 აარჩიეს, რომელიც ამ ნაერთებთან მჭიდრო კავშირშია, თანაც მისი გაუვნებელყოფა კბილების წარმოქმნას ასტიმულირებს.
მეცნიერებმა კბილების თანდაყოლილი აგენეზისის მქონე ორსულ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში USAG-1-ის დათრგუნვა მონოკლონალური ანტისხეულებით სცადეს. აღნიშნული ცილებიდან ერთმა კი ზემოხსენებულ გენსა და BMP-ს შორის კავშირი წარმატებით დაარღვია, რასაც შედეგად ცხოველებში კბილების სრულად გაზრდა მოჰყვა. იგივე ეფექტი დაფიქსირდა ქრცვინების შემთხვევაშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური წარმონაქმნები აქვთ.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ახალი მეთოდი მომავალში ადამიანის კბილების რეგენერირებაშიც დაგვეხმაროს, თუმცა მანამდე კიდევ არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
in ამბები, მეცნიერება, საკითხავი
Loading…