მეგაშოუ „The Voice“ საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. წელს „საქართველოს პირველი არხი“ მაყურებელს მე-4 სეზონს სთავაზობს. პროექტის მონაწილეებს მენტორობას ოთხი განსხვავებული ჟანრის მუსიკოსი – სტეფანე მღებრიშვილი, სალომე (სალიო) კორკოტაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ნიაზ დიასამიძე უწევს.
Venue. თითოეული მწვრთნელის ექვსეულს გაესაუბრა. დღეს ნიაზის გუნდის წევრებმა ჩვენს შემდეგ კითხვებს უპასუხეს:
- რამ გადაგაწყვეტინათ „ვოისში“ მონაწილეობა?
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც პირველად გახვედით სცენაზე?
- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონკურსანტებს ერთმანეთთან?
- რა სირთულეებს აწყდებით ნომრების მომზადების დროს?
- რით ამხნევებთ თქვენს თავს, სანამ სცენაზე გახვალთ?
- როგორ ირჩევა რეპერტუარი?
- როგორი ურთიერთობა გაქვთ „მწვრთნელთან“?
- რა თვისებებს უნდა ფლობდეს მუსიკოსი „ვოისში“ გასამარჯვებლად?
- როგორ შეაფასებდით თქვენ შანსებს გასამარჯვებლად?
ანი ტაბაღუა
პანდემიის დროს ისევე, როგორც ყველას, მეც მომიწია სახლში ჯდომა, რა დროსაც გამოჩნა ახალი მუსიკალური პროექტი ,,ვოისი” და ვიფიქრე: რატომაც არა?
იმისდა მიუხედავად,რომ სცენაზე დგომის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, მაინც ვინერვიულე.
ძალიან რთულია, როდესაც სცენაზე დგახარ და ჟიური შენკენ ზურგით ზის. ვერ ხედავ მათ რეაქციებს და არ იცი, რა დროს დააჭერენ ხელს ღილაკს.
ალბათ, ყველას და მეც დამამახსოვრდა მიმართვა ,,მიდი, ნიაზ”. ქუჩაში მაჩერებენ ხოლმე და მეკითხებიან, წინასწარ მქონდა თუ არა დაგეგმილი ამ ფრაზის თქმა შუა სიმღერის დროს.
მონაწილეები ძალიან კარგი დამოკიდებულებით ვართ ერთმანეთის მიმართ. ყველა ძალიან საყვარელი და საინტერესო ტიპიაჟია.
ჩვენს გუნდში სირთულეებს არ ვაწყდებით. ის რჩევები, რასაც ნიაზი გვაძლევს, მაქსიმალურად ვითვალიწინებთ. რთული არაფერია, მთავარია, მონდომება.
სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს ვერ ვამხნევებ ხოლმე.
სცენაზე გასვლის ყოველი მომენტი არის უსაშველო ნერვიულობასთან დაკავშირებული.
რეპერტუარის არჩევისას ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ნიაზი ითვალისწინებს ჩვენს აზრს, ჩვენ კი – მისას.
ნიაზთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. თავიდან მეგონა, ძალიან მკაცრი იყო, გაღიმება თუ შეეძლო, ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ როგორც კი უშუალო კონტაქტი მომიწია, მივხვდი, რომ ვცდებოდი. მასთან მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.
როგორც ნიაზი იტყვის ხოლმე, სცენაზე, სიმღერის გარდა, გამბედაობაა საჭირო, არ უნდა გეშინოდეს სიახლეებისა და ექსპერიმენტების, პირიქით, მარტივად უნდა იღებდე ამ ყველაფერს.
გამარჯვების შანსი და მოლოდინები ყველას გვაქვს, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთის გამართლდება, ვნახოთ, ვინ იქნება ის ერთი.
ხატია ქინქლაძე
რამ გადაგაწყვეტინათ „ვოისში“ მონაწლეობა ?
კარანტინის პერიოდში მოვიწყინე.
რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც პირველად გახვედით სცენაზე ?
სასიამოვნო მღელვარება.
რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
მწვრთნელების შემოტრიალება.
როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონკურსანტებს ერთმანეთთან?
ინდივიდუალური, ზოგადად მეგობრული.
რა სირთულეებს აწყდებით ნომრების მომზადების დროს?
არანაირს, პირიქით, ეს პროცესი ყველაზე სასიამოვნოა პროექტის მსვლელობისას.
რით ამხნევებთ თქვენ თავს სანამ სცენაზე გახვალთ?
ერთმანეთს ვამხნევებთ მონაწილეები.
როგორ ხდება რეპერტუარის არჩევა?
რეპერტუარი მწვრთნელთან შეთანმებით და საკუთარ ხასიათთან მორგებით ირჩევა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ „მწვრთნელთან?
მეგობრული
რა თვისებებს უნდა ფლობდეს მუსიკოსი ვოისში გასამარჯვებლად?
უნდა იყოს ის, რაც არის და მინიმუმ კარგად მღეროდეს.
როგორ შეაფასებდით თქვენს შანსებს გამარჯვებისთვის?
თუ ვიტყვით, რომ გამარჯვება არის რაღაცის 100%, ჩემს გამარჯვებას შევაფასებდი 88%-ით.
გიორგი პეტრიაშვილი
პირველ რიგში, ვოისში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე მაშინ, როდესაც გავიგე მწვრთნელების შემადგენლობა, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მომწონს თავად ვოისის ფორმატი.
ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ჩემი მწვრთნელი – ნიაზი შემოტრიალდა, ეს ნერვიულობა სრულიად მომეხსნა.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩემი მწვრთნელის ნიაზის გახარებული სახე, როდესაც შემოტრიალდა.
კონკურსანტებს ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. მთელი ამ ერთად გატარებული დროის შემდეგ ისინი ჩემთვის უკვე თითქმის ოჯახივით არიან.
ნომრის მომზადებისას ზოგადად არ ვაწყდები არანაირ სირთულეს.
სცენაზე გასვლის წინ ვიხსენებ იმ სიხარულს, რომელიც ჩემი პირველი შესრულებისას დამეუფლა.
ჩემს მწვრთნელთან ერთად ვარჩევ ისეთ სიმღერას, რომელიც მოგვწონს და მაქსიმალურად მომიხდება.
მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან. მისი რჩევები ყოველთვის საყურადღებო და საინტერესოა.
მუსიკოსი ,,ვოისში’’ გასამაჯვებლად უნდა იყოს თამამი და მოტივირებული. ნიჭსა და ტალანტს აღარ ვეხები, რადგან ყველა ძალიან კარგი მომღერალია.
მგონია, რომ ყველანაირი შესაძლებლობა მაქვს იმისათვის, რომ გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მერი ქედელიძე
ამ პროექტის ფორმატი ყოველთვის მომწონდა და მინდოდა მონაწილების მიღება, პანდემიის დროს ერთფეროვნებამ გადამაწყვეტინა საბოლოოდ, რომ სიახლე შემეტანა ჩემს ცხოვრებაში.
პირველად სცენაზე გასვლის დროს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი რომელიმე მწვრთნელის მოტრიალებას, სცენაზე დგომა საინტერესო იყო და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ნიაზის შეფასება სიმღერის შემდეგ, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი პიროვნება დაინახა ჩემს ნამღერში, ზუსტად ამ შეფასებამ განაპირობა ჩემი არჩევანი.
კონკურსანტებს შორის ბევრი კარგი მეგობარი გავიჩინე და, რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან, გავიცანი უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია ჩემთვის.
ნომრების მომზადების დროს, ძირითადად, სირთულეს წარმოადგენს ის, რომ სიმღერა, რომელსაც პროექტში შემირჩევენ, შეიძლება არ წარმოადგენდეს ჩემს ჟანრს, არ იყოს ჩემი სტილი, თუმცა კონკურსის ხიბლიც ის არის, რომ სხვადასხვა გამოწვევა მივიღო და საკუთარი თავი გამოვცადო.
სცენაზე გასვლისას კონკურსანტები ყველაზე მეტად ვამხნევებთ ერთმანეთს, ყველაზე მეტად ვმშვიდდები მაშინ, როცა ,,კონკურენტები’’ მამშვიდებენ და მაძლევენ მუხტს.
რეპერტუარი ჩემი და მწვრთნელის ურთიერთშეთანხმებით ირჩევა. ბატონი ნიაზი კონკურსანტების პოზიციასაც ითვალისწინებს სიმღერის შერჩევისას.
ბატონ ნიაზთან მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, ძალიან მეგობრული, მაძლევს ძალიან კარგ რჩევებს და მისგან ბევრს ვსწავლობთ. მასთან მუშაობა არის ძალიან საინტერესო გამოცდილება, ისეთი, როგორიც წარმომედგინა.
ჩემი აზრით, პირველ რიგში, კონკურსის ფორმატი მოითხოვს, რომ გქონდეს დასამახსოვრებელი ხმა, უნდა შეეძლოს მრავალფეროვანი რეპერტუარის შესრულება და რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს ინდივიდუალიზმი, რომელიც ყველა მის შესრულებაში გამოჩნდება.
გამარჯვებაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა, თუმცა რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი და კონკურსში მოვედი, ვფიქრობ, რომ შანსები მაქვს გამარჯვების.
სალომე ხუჯაძე
„ვოისი“ არის ჩემი ფავორიტი მუსიკალური პროექტი. ფაქტობრივად, ჩემი ოცნება იყო, ეს პროექტი საქართველოში ჩატარებულიყო, რადგან, ვფიქრობ, მუსიკალურ მეგა-შოუებს შორის ყველაზე საინტერესო ფორმატი აქვს – „მწვრთნელზე“ შთაბეჭდილების მოსახდენად მხოლოდ და მხოლოდ მონაწილის ხმა და მუსიკალური მონაცემებია საჭირო. ამას გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მიბიძგა ამ პროექტში მონაწილეობისკენ, იყო გამოცდილების შეძენა, არა მხოლოდ სცენაზე დგომის, არამედ უმაგრეს მუსიკოსებთან თანამშრომლობის, იქნებოდა ეს თავად მენტორი, ბენდის წევრები თუ მუსიკალური ხელმძღვანელები. „ვოისში“ მონაწილეობა რუტინული ცხოვრებისგან მოწყვეტასაც ნიშნავდა, რაზედაც, დღევანდელი ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, უარს ვერცერთი მუსიკოსი ვერ იტყოდა.
სცენაზე გასვლას, რასაკვირველია, თან ახლდა მღელვარება და ფიქრი იმაზე, რომ მხოლოდ იმ კონკრეტული ნამღერით უნდა მეჩვენებინა მწვრთნელებისთვის ჩემი შესაძლებლობები და ის ერთადერთი შანსი სწორად უნდა გამომეყენებინა. ეს იყო საკუთარი თავის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა და საკმაოდ რთული ამოცანა.
„ბლაინდიდან“ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მომენტი, როცა შუა სიმღერის დროს, მწვრთნელების შემოტრიალებამდე, დარბაზიდან მაყურებლის ოვაციები გავიგონე, რასაც მალევე მოჰყვა სამი მენტორის შემოტრიალება. რაც შეეხება რინგს, მახსოვს, სტეფანეს შეძახილი ჩემ მიერ ნამღერ ერთ-ერთ ფრაზაზე, რინგის ბოლოს კი ოთხივე მწვრთნელი და მთლიანად დარბაზი ფეხზე იდგა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი მოგონებაა.
ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. არც კი იგრძნობა, რომ რეალურად ერთმანეთის კონკურენტები ვართ. ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთმანეთის წარმატება ძალიან გვახარებს.
ნომრის მომზადებასთან დაკავშირებით პირადად მე არანაირი სირთულე არ შემხვედრია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველი ახალი სიმღერის მომზადება დიდ შრომასთან ასოცირდება.
ვცდილობ, საკუთარ თავს „შევუძახო“, რომ ნერვიულობამ არ მძლიოს და ხელი არ შემიშალოს სცენაზე დგომის დროს. საკუთარ თავს ვურჩევ, რომ ვკონცერტრირდე მთლიანად შესრულებაზე და ვიმღერო იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო როგორც მე, ისე – მსმენელმა.
რეპერტუარის არჩევა ხდება ძირითადად მენტორისა და მუსიკალური ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად. რა თქმა უნდა, ისინი განიხილავენ ჩვენს მოსაზრებებსაც და ყველანაირად ცდილობენ, რომ სიმღერა მაქსიმალურად ახლოს იყოს მონაწილის მუსიკალურ შესაძლებლობებთან.
ამ მხრივ, ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან პროექტის განმავლობაში ორ „მწვრთნელთან“ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ნიკოლოზ რაჭველთან ურთიერთობა და არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ბატონ ნიაზთან თანამშრომლობა. იმის მიუხედავად, რომ ოდნავ მოგვიანებით შევუერთდი ნიაზის გუნდს, ვფიქრობ, მან უკვე საკმაოდ კარგად იცის ჩემი შესაძლებლობების შესახებ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს და ვთვლი, რომ ჩემსა და „მწვრთნელს“ შორის საინტერესო კოლაბორაცია შედგა.
თავად პროექტის სახელი მოიაზრებს იმას, რომ აქ მთავარი არის ხმა და ტემბრი, რომელიც გამარჯვებულს უნდა გამოარჩევდეს. ამას გარდა, მონაწილე უნდა ცდილობდეს, მრავალფეროვანი რეპერტუარი მოირგოს და აჩვენოს, რომ მისი შესაძლებლობები უფრო ფართოა, ვიდრე რომელიმე ერთი ჟანრი. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელი ემოციების გადაცემა მაყურებლისთვის სიმღერის მეშვეობით.
ჩემს თავს გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატად მივიჩნევ, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, გამარჯვების შანსი 0,001 % მაქვს (ეს ამოჭერით) 😀
ლუკა ლილუაშვილი
ვოისში მონაწილეობა გადამაწყვეტინა ჩემმა თავმა, რადგან ძალინ მიყვარს გამოწვევები, სიახლეები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მუსიკას ეხება.
პირველად სცენაზე რომ დავდექი, თავი ყველაზე კომფორტულად ვიგრძენი. უბრალოდ დავიწყე სიმღერა და ვგრძნობდი, რომ მხოლოდ მუსიკას ვეკუთვნოდი და მუსიკა – მე.
განსაკუთრებული მომენტი იყო, როცა ნიაზმა ჩემ გამო სტეფანე დაბლოკა, რათა მის გუნდში მოვხვედრილიყავი. საოცარი გრძნობა იყო. სიმღერის დროს ვერც კიგავიაზრე, ვერაფერს მივხვდი, რა ხდებოდა იმიტომ, რომ მთელი არსებით მუსიკაში ვიყავი.
კონკურსანტები, იგივე დამწყები მუსიკოსები, ძალიან მეგობრულად ვართ ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ალბათ, იმიტომ, რომ ყველანი მუსიკაზე ვართ შეყვარებული და საერთო ენას მარტივად ვპოულობთ. თითოეულ მონაწილეს გამორჩეული სტილი აქვს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს კომუნიკაციას. ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ.
რეპეტიციების დროს ყველაზე დიდ სირთულეს ალბათ ტექსტების სწავლა წარმოადგენს, დანარჩენი კი, რაც მუსიკას ეხება, ერთი დიდი სიამოვნებაა.
სცენაზე გასვლის წინ ჩემს თავს ვეუბნები, რომ არაფერზე იფიქრო გარდა სიმღერისადა მაქსიმალურად ეცადე ემოცია ჩადო მხოლოდ მასში და არა სხვა პროექტის ვნებათაღელვაში.
რეპერტუარს ვარჩევთ მწვრთნელთან ერთად და ყველანაირად ვცდილობთ, არ იყოს სტანდარტული ჩვენი შესრულება, არ ვუშინდებით ექსპერიმენტებს და რთულ გზას ვირჩევთ წინსვლისთვის, განვითარებისთვის.
მწვრთნელთან მაქვს სასწაული ურთიერთობა, რომელსაც საერთოდ არ ველოდი. ნიაზი გვიზიარებს თავის გამოცდილებებს, მაგრამ თავს არ გვახვევს მათ. ყოველთვისცდილობს დაგვეხმაროს,რათა ჩვენი ინდივიდუალური ადგილი ვიპოვოთ მუსიკაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არტისტის ჩამოყალიბებაში. ამასთან ძალიან კარგად ვუგებთ იუმორსა და მუსიკასთან დამოკიდებულებებში.
ვოისში გასამარჯვებლად მთავარი თვისება, რომელიც უნდა გააჩნდეს მუსიკოსს, მგონია, არის სწორი ემოცია, რომელსაც ყოველი მუსიკა ინდივიდუალურად მოითხოვს. მუსიკოსი უნდა ცხოვრობდეს მუსიკაში. როცა მღერი,სხვა ყველაფერი გარეთ უნდა დატოვო იმმომენტში. ეს მგონია გამარჯვება მუსიკაში და ალბათ ვოისშიც.
ვფიქრობ, თუ პროექტის ბოლომდე თუ არ დავკარგავ ჩემს მუსიკალურ ემოციას, რომელიც ჩემი მთავარი იარაღია, გამარჯვების შანსებიც საკმაოდ დიდია.
Loading…