წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი ახლოვდება, ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრის ჩუქება კი, ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა Secret Santa („საიდუმლო სანტა“), რომელიც საჩუქრების გაცვლის საინტერესო და სახალისო გზაა.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ტრადიცია სკანდინავიის ქვეყნებიდან იღებს სათავეს, თუმცა, ამ დროს ადამიანები ერთმანეთს სახლის კართან უტოვებდნენ საჩუქრებს და გარბოდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პირველი „საიდუმლო სანტა“ ამერიკელი ლერი დინ სტიუარტი იყო, რომელიც კანზასში მცხოვრებლებს, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებოდათ დახმარება, ანონიმურად 100-დოლარიან ჩეკებს ჩუქნიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს კი, ნიუ-იორკელებს 250 000 დოლარის ჩეკები ისევ ანონიმურად დაურიგა.
დაახლოებით 25 წელში, იგი 1,3 მილიონი დოლარით დაეხმარა სრულიად უცნობ ადამიანებს. „შობას ამ ფორმით გამოვხატავ მადლიერებას იმ ყველაფრის გამო, რაც ცხოვრებაში მიმიღია,“ – ასე ეუბნებოდა ყველას, ვისაც ახალი წლის დღეებს მოულოდნელად უფერადებდა. ანონიმური საჩუქრების ავტორის ვინაობა საზოგადოებისთვის მხოლოდ 2006 წელს გახდა ცნობილი, 2007 წელს კი, საიდუმლო სანტა სიმსივნით გარდაიცვალა. თამაშს, რომელსაც „საიდუმლო სანტას“ სახელით ვიცნობთ, გაერთიანებულ სამეფოში „კრის კრინგლის“, გერმანიაში – Wichteln-ის, ირლანდიაში კი – „კრის კინდლის“ სახელით ვიცნობთ.
რამდენი ტრადიცია და ვერსიაც არ უნდა არსებობდეს, „საიდუმლო სანტას“ მთავარი ხიბლი ადრესატის უკეთ გაცნობა და მისთვის ისეთი საჩუქრის მოფიქრებაა, რომელიც ნამდვილად გაახარებს.
Loading…