in ,

„დარჩი“ – ინიციატივა ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში „ტვინების გადინების“ ტენდენცია მზარდია. სწორედ ამის საპასუხოდ შეიქმნა პროექტი „დარჩი“, რომელიც ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას გულისხმობს მათ საცხოვრებელ თემში. პროექტის იდეურ დატვირთვაზე, განხორციელებულ აქტივობებსა და გეგმებზე ინიციატივა „დარჩის“ მენეჯერი – გიორგი აზარიაშვილი გვიამბობს.

რას გულისხმობს მოძრაობა Stay?

პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მათ საცხოვრებელ თემში, განათლების, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის გზით. განსაკუთრებულ აქცენტს კი, რეგიონებზე ვაკეთებთ, რადგანაც აქ მნიშვნელოვნად მწვავეა უმუშევრობის დონე, მაღალია ნიჰილისტურად განწყობილი ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების  რაოდენობა. ახალგაზრდებს არანაირი წვდომა არ აქვთ ახალგაზრდულ პროექტებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ნიჰილიზმს, პასიურობას, უმუშევრობას. ამას კი, მოსდევს ნარკომანია, ლუდომანია, ალკოჰოლიზმი… ყველაფრის საწინდარი განათლების გაუმართავი სისტემაა, განსაკუთრებით, სასკოლო დონეზე.

ჩვენი მიზანია, სხვადასხვა აქტივობის, პროექტების შედეგად ხელი შევუწყოთ ამ პრობლემების მოგვარებას რეგიონალურ დონეზე.

როგორ გაჩნდა პროექტის იდეა და ვინ/როდის/რა ფორმით დაიწყო მისი განხორციელება?

იდეა, დაახლოებით, ორი წლის წინ გაჩნდა. გავეცანით ერთ-ერთ კვლევას, რომელმაც დაგვანახა, რომ საქართველოში განსაკუთრებით მწვავე იყო უმუშევრობის დონე, რასაც ახალგაზრდების მიგრაცია  მოსდევდა. ე.წ. ტვინების გადინება – „ბრეინ დრეინი“ 15-20 წელში კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან იმ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელსაც აქვს განათლება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს, გამოსავლად საქართველოდან წასვლას პოულობს.

Stay-ს აქვს რამდენიმე მიზანი – ახალგაზრდების დახმარება თვითდასაქმების მხრივ,  სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სწავლება სხვადასხვა რეგიონში, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ცნობიერების დონის ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის მოდელის დანერგვა – რაც გულისხმობს ინდივიდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის, საჯარო ინსტიტუტების დაკავშირებას, ვინაიდან მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას.

აქამდე განხორციელებულ პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად გვიამბე.

ახლახან განვახორციელეთ ერასმუს+-ის ახალგაზრდული პროექტი. ზოგადად. ახალგაზრდების სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში ჩართულობას უზრუნველვყოფთ.

ასევე, ჩავატარეთ პროექტი „რატომ დარჩი“, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდა, წარმატებული მეწარმეები გვყავდა მოწვეულები, რომლებმაც  ბენეფიციარებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იქმნება სოციალური მეწარმეობისა და ლიდერობის წიგნი, რომელსაც ქართულად გამოვაქვეყნებთ და ბენეფიციარებს გავუზიარებთ მუნიციპალიტეტებში. ასევე ვაკეთებთ ვიდეოტუტორიალებს, რომლის მიზანიც იქნება სოციალური მეწარმეობისა და სხვა საჭირო უნარების სწავლება ახალგაზრდა ბენეფიციარებისთვის.

პროექტი „ნაბიჯი წინ“ რას გულისხმობს და რა კონკრეტულ აქტივობებს მოიცავს?

„ნაბანიჯი წინ“ ერთ-ერთი მომდინარე პროექტია, რომელიც მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების გაძლიერებას, სოციალური მეწარმეობის კუთხით განათლებას გულისხმობს. ეს დაგვეხმარება ამ მუნიციპალიტეტებში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრაში.

ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ პროექტის დასასრულს, სოციალურ საწარმოს დაახლოებით 3-4 იდეას ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა თანხით დააფინანსებს, ახალგაზრდები დასაქმდებიან მათ მიერ შექმნილ სოციალურ საწარმოებში და დაასაქმებენ სხვებს.

ასევე, ამ პროექტის ფარგლებში არის დაგეგმილი Masterpiece walk-ი – ინციატივა, რომლის ფარგლებშიც, 20 ჰოლანდიელი ლიდერი და 20 ქართველი ახალგაზრდა რაჭას ფეხით მოივლის და ერთად იცხოვრებს. ყოველი დღე დაეთმობა სხვადასხვა დისკუსიას, ვორქშოფს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ახლაგაზრდების გაძლიერებას. ისინი ამ ლიდერებისგან მოისმენენ მათ გამოცდილებას, წარმატების ისტორიებს. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, რაჭაში იგეგმება ორი ინიციტავის წახალისება – სოციალური მეწარმეობის დაფინანსება და ახალგაზრდების თვითდასაქმების ხელშეწყობა.

როგორია სამომავლო გეგმები.

გეგმები ამბიციურია. არ ვაპირებთ არსებულ პროექტებზე გაჩერებას, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ვთავაზობთ სხვადასხვა იდეას. ამ ეტაპზე, ვერ გავამხელ ვისთან და რა პროექტებსზე ვთანამშრომლობთ, თუმცა 2022 წლიდან კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება.

 „ბრეინ დრეინი“, მიგრაცია და  ახალგზრდების ნიჰილიზმი, ახალგაზრდული შესაძლებლობების არარსებობა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება უმთავრეს გამოწვევად და ჩვენი მიზანიც ამ გამოწვევებთან გამკლავება იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„პოსტე“ გაწვდის ინოვაციას!

Very Peri – 2022 წლის ახალი ტენდენციური ფერი ცნობილია!