როგორ მივიღოთ დაფინანსება უცხოური უნივერსიტეტისთვის. ამაში განათლების საერთაშორისო ცენტრი დაგეხმარებათ. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით.
რომელ სასტიპენდიო პროგრამებს გვთავაზობს განათლების საერთაშორისო ცენტრი?
განათლების საერთაშორისო ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან სასტიპენდიო პროგრამას გვთავაზობს, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე. ამ სტატიაში კი კონკრეტულად საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების დაფინანსების შესახებ მოგიყვებით.
როგორ მივიღოთ დაფინანსება უცხოური უნივერსიტეტისთვის?
ცენტრის დაფინანსების მისაღებად აუცილებელია, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, რომელიც ყოველ წელს ცხადდება. ავსებთ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას (https://app.iec.gov.ge/) და ელოდებით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას.
რომელ მიმართულებებს აფინანსებენ?
ყოველ წელს ცხადდება სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები. წელს მაგალითად, პრიორიტეტული სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, ასაკი არ აღემატება 35 წელს, მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი და GPA შეადგენს მინიმუმ 3.0. უკვე სწავლობს საზღვარგარეთ პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას. აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, სტაჟირება, პრაქტიკის გავლა, კვლევითი საქმიანობა).
რა დოკუმენტებია აუცილებელი?
განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა ან პასპორტის PDF ვერსია, თქვენი რეზიუმე/CV, დიპლომი და ნიშნების ფურცელი, ცნობა სამსახურებიდან, სადაც გიმუშავიათ, სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში), სამოტივაციო წერილი, მინიმუმ ერთი რეკომენდაცია. ჩარიცხვის ოფიციალური წერილი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სწავლის ნაწილობრივ დაფინანსების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ეს არის ძირითადი ჩამონათვალი, უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე.
როგორია განაცხადის შევსების პროცედურა?
განაცხადის შევსება გულისხმობს ორეტაპიან პროცედურას.
განაცხადის შევსების I ეტაპზე კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტებისა: ჩარიცხვის წერილი, არსებობის შემთხვევაში, თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი.
განაცხადის შევსების II ეტაპი – განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვის ოფიციალური წერილის, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტის (და საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტის) წარმოდგენის ვადის თაობაზე.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას.
რა ხდება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ?
აპლიკაციაში დოკუმენტების სრულყოფილად ატვირთვის შემდეგ, თქვენ აპლიკაციას განიხილავს საკონკურსო კომისია და შეაფასებს მაქსიმუმ 50 ქულით. თითოეულ მიმართულებაზე დაწესებულია გამსვლელი ქულის ოდენობა. ეს შეიძლება იყოს 25, 30 და ა.შ. თუ ამ მინიმუალურკი კომპეტენციის ზღვარს გადალახავთ, ითვლება, რომ მეორე ეტაპი წარმატებით გადალახეთ და დაგიბარებენ გასაუბრებაზე.
როგორია გასაუბრების პროცედურა?
გასაუბრებაზე პირისპირ შეხვდებით საკონკურსო კომისია, რომელსაც უნდა წარუდგინოთ საკუთარი თავი. უნდა იყოთ თავდაჯერებული და არგუმენტირებულად დაასაბუთოთ, რატომ გინდათ კონკრეტულად შერეულ მიმართულებაზე სწავლა და როგორ მოახმართ ამ ცოდნას საქართველოს.
რა ხდება გასაუბრების შემდგომ?
გასაუბრებიდან დაახლოებით 2-3 კვირაში მოგდით შეტყობინება, გაიმარჯვეთ თუ არა კონკუსში. შედიხართ თქვენს სააპლიკაციო ფორმაში და გხვდებათ ამგვარი წარწერა: წარმატებული/წარუმატებელი III ეტაპზე. დეტალური ინფორმაცია, რა რაოდენობის დაფინანსება მიიღეთ (სრული თუ ნაწილობრივი) მოგდით მეილზე.
მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.
ცენტრი 2014 წელს დაარსდა და უკვე 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა.
წარმატებებს გისურვებთ!
Loading…