in

Auto Element-ის აპლიკაცია „დაშლილებში“ სიარულის სანაცვლოდ

თუ თქვენი ავტომობილის ნაწილისთვის დაშლილებში სიარული მოგბეზრდათ, მაშინ autoElement-ის აპლიკაცია სწორედ თქვენთვის არის. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მიუთითებთ სასურველ ნაწილს, ავტომობილის მარკასა და მოდელს და თქვენი მოთხოვნა რეალურ დროში მისდით იმ მაღაზიებს, რომლებიც მოცემულ მოდელზე მუშაობენ. ამის შემდეგ, მაღაზიები მოთხოვნილ ნაწილზე შეთავაზებას გიგზავნიან და საშუალება გაქვთ, თავად აირჩიოთ, რომელ მათგანთან გააგრძელებთ მოლაპარაკებებს. შესაძლებელია ფასზე მოლაპარაკებაც და ისიც, თუ რა ფორმით მოგაწვდიან სასურველ ნაწილს.

autoElement-ის აპლიკაციის შესახებ დეტალურად ვესაუბრეთ სტარტაპის თანადამფუძნებელს, მურად ბართიშვილს.

რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?

autoElement მობილური აპლიკაციაა, რომელიც შუამავლების გარეშე აკავშირებს ავტონაწილების მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან. ზუსტად ერთი წლის წინ გამოვედით ქართულ ბაზარზე და დღეს საქართველოს გარდა, კიდევ ხუთ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

იდეა გაჩნდა, როდესაც ჩვენი მეგობრის მანქანისთვის საქარე მინას ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდით. ბოლოს აღმოვაჩინეთ ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც სულაც არ ჰქონდათ დეფიციტი, უბრალოდ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. მაშინ მივხვდით, რომ ასეთი პრობლემის წინაშე ძალიან ბევრი ავტომფლობელი იდგა და შევქმენით „ავტოელემენტი“.

რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?

თავიდან გვინდოდა მხოლოდ „ელემენტი” დაგვერქმია, შემდეგ უფრო დაზუსტებული რომ ყოფილიყო, დავამატეთ „ავტო”. ზოგადად, რადგან მანქანა ბევრი ელემენტისგან შედგება, ჩვენი აპლიკაციით შეძლებთ ნებისმიერი ელემენტის მოძებნას.

რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?

პროექტის დამფუძნებლები მურად ბართიშვილი და ბიქტორი სალდაძე, ასევე ჩვენი დეველოპერების ჯგუფი კიდევ 2 ადამიანი.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

საწყის ეტაპზე მაღაზიების დარწმუნება აღმოჩნდა ყველაზე რთული, გარკვეულწილად გვიწევდა მათი ქცევების შეცვლა, ისინი რეალურად მხოლოდ მაღაზიაში მისულ მომხმარებელს აღიქვამდნენ, ნებისმიერი სიახლე მათში უნდობლობას იწვევდა. მეორე მხრივ, მომხმარებელთან გვიწევდა თავის მართლება, რომ მაღაზიების რიცხვი იზრდება და ისინი მალე გააქტიურდებოდნენ.

საბოლოოდ ეს სირთულეები, ვფიქრობთ, წარმატებით გადავლახეთ, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ვინც გამოიყენა ელემენტის აპლიკაცია 65.11% ამბობს, რომ მოძებნა საჭირო ნაწილი autoElement-ით, ხოლო მაღაზიების 69.2% ამბობს, რომ ყიდის ნაწილებს ჩვენი აპლიკაციის დახმარებით. ასევე მომხმარებლების 87% ამბობს, რომ უკვე ურჩია, ან მზად არის, რომ ურჩიოს „ავტოელემენტი“ მეგობარს.

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

საქართველოში ჩვენს ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უჭირავს myparts.ge-ის, მაგრამ ჩვენი მუშაობის პრინციპები რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენი კონკურენტია ყველა ის სერვისი, რომელიც ავტომფლობელებს ნაწილების მოძებნაში ეხმარება, ეს სერვისები ჩვენი კლიენტებიც არიან, რადგან მათი დიდი ნაწილი autoElement-ით ეძებს ნაწილებს. ასევე ბევრი სადაზღვევო კომპანია აქტიურად სარგებლობს ჩვენი აპლიკაციით.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არი სის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უპირატესობა შუამავალი რგოლის ამოგდებაა. ჩვენ მივეცით სრული თავისუფლება მაღაზიებსა და ავტომფლობელებს. მათ შეუძლიათ, ივაჭრონ ფასზე, მორიგდნენ ნაწილის მიწოდების დეტალებზე, შეათანხმონ ანგარიშსწორების ფორმა და ა.შ. შუამავალი რგოლის ამოგდება ორივე მხარეს რეალურ დროში აძლევს კონტაქტის საშუალებას.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

ბაზარზე არსებული პრობლემის სწორი გადაწყვეტა, მომხმარებლის გამოცდილებაზე კონცენტრირება, ბევრი ფიქრი და უფრო ბევრი მოქმედება. ასევ მნიშვნელოვანია ფული, რომელიც მოიძებნება, თუ სტარტაპი სწორ დროს, სწორ საქმეს აკეთებს. კიდევ ბევრი ნიუანსია აუცილებელი და ყველა სტარტაპს წარმატების ინდივიდუალური გზა აქვს.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?

იდეა თავისთავად არაფერია, თუ მის უკან არ დგანან მოტივირებული ადამიანები. ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს autoElement-ის შესახებ

დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?

პირველ ეტაპზე, საკუთარი ინვესტიციებით გამოვედით ბაზარზე და გარკევული შედეგი ვაჩვენეთ, შემდეგ ჩავრთეთ საქმეში კერძო ინვესტორი. აღსანიშნავია, რომ პირველი რაუნდისთვის სტარტაპი 100.000 დოლარად შეფასდა, მას შემდეგ საქართველოს გარდა, კიდევ 5 ქვეყანა გავხსენით: ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი და აზერბაიჯანი.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

ამ ეტაპზე, ექვსი ქვეყნის გათვალისწინებით 250 მილიონიან ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, იმისთვის რომ ბაზარი ავითვისოთ და ახლად გახსნილ ქვეყნებში გავამყაროთ პოზიციები, საჭიროა, დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ამ ეტაპზე, რამდენიმე კერძო ინვესტორთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ასევე ჩართული ვართ GITA-ს 100 ათასიან საგრანტო პროგრამაში.

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

ამ ეტაპზე, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს autoElement-ის შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმაში გვაქვს პროდუქტის დახვეწა და გაფართოება.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

ნურაფრის შეეშინდებათ და იმოქმედონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი კანის მოვლის ნატურალური პროდუქცია Beauty Fact-ისგან – ამერიკაში მცხოვრები ქართველის სტარტაპი

Raffles Milano მოდისა და დიზაინის მიმართულებით სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს