in

მერი გიორგობიანი – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

რუბრიკის დღევანდელი სტუმარი არტდაირექტორი მერი გიორგობიანია, ის ამჟამად Innocean Berlin-ში მუშაობს და შესაბამისად, ბერლინშიც ცხოვრობს. როცა მას პროექტში მონაწილეობა ვთხოვეთ, ვერ წარმოვიდგენდით, თუ წინ ასეთი სასიამოვნო თავისტკივილი გველოდა. ამბის წაკითხვის დროს ვცდილობდით, საუკეთესო ფრაზები გამოგვეყო, თუმცა, მერე მივხვდით, რომ ტყუილად ვწვალობდით – მერის ამბავი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

მოდი, შესავალს აქვე დავამთავრებთ, რადგან წინ ძალიან მაგარი ამბავი გელოდებათ. უნდა წაიკითხოთ, სხვა გზა არ არის. 🙂

მერი გიორგობიანი: ალბათ, ყველაფერი ადამიანის ტიპსა და ხასიათზეა დამოკიდებული. ვის რა უშლის მიზნის მიღწევაში ხელს. მე პირადად ამ გზაზე ხშირად მეჩხირებოდა და მეჩხირება შიში და კითხვის ნიშნები. ვერასდროს ვხვდებოდი, სწორი იყო თუ არა ის, რასაც ვაკეთებდი, რასაც ვირჩევდი. ახლა ნელ-ნელა ვხვდები, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი, მთავარია, ეს გზა წინ მიდიოდეს, გადახვევაც სწორია, თუ ის მაინც წინ მიდის. ხო, აი, ეგ ვისწავლე მგონი, რომ გაჩერება არ შეიძლება. ნუ, ზოგჯერ უკან დახევაც საჭიროა, ალბათ, თუ სიჩქარის ასაკრეფად გჭირდება. :))

არ არსებობს სწორი და არასწორი, მთავარია, ეს გზა წინ მიდიოდეს, გადახვევაც სწორია, თუ ის მაინც წინ მიდის.

იმედი, თუ დაგიკარგავთ… 

იმედი ჯერ უნდა გქონდეს, ალბათ, რომ მერე დაკარგო. იმედი წავიღე ჰამბურგში, თუმცა ჩემი პირადი არა, უფრო ჩემი შეყვარებულის, მეგობრების, რომლებსაც ჩემი იმედი ჰქონდათ, ასევე – ჩემი მშობლების. არ ვიცი რატომ, თუმცა მეგონა, რომ თითით საჩვენებელი არარაობა ვიქნებოდი. პირველი „ქუართერი“ ოფიციალურად ხმა არ ამომიღია. სანამ ჩემს თავში ინგლისურად სათქმელს დავაწყობდი, უკვე იმ თემაზე ლაპარაკიც ჩავლილი იყო, თუმცა რაღაცნაირად ვახერხებდი, იდეის გადმოცემას და ნელ-ნელა იმედიც გაჩნდა. მას შემდეგ იმედი არასდროს დამიკარგავს, ნუ, პროფესიული თვალსაზრისით. :)))) იმედი მაგარი რამეა, ზოგჯერ ღმერთშიც კი მერევა.

იმედი მაგარი რამეა, ზოგჯერ ღმერთშიც კი მერევა.

როგორ შეძელით დაბრკოლების გადალახვა?

დაბრკოლებებს დღემდე ვლახავ. არანაირი ფორმულა არ მაქვს. ერთი რამ, რაც სკოლაშიც და ცხოვრებაშიც საკმაოდ მეხმარება არის ის, რომ ვცდილობ, საკუთარ თავთან მართალი ვიყო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვისთვის მართალი ვიქნები, თუმცა, ხშირშემთხვევაში, თუ მართლა “კრისტალი” ხარ შენს თავთან, რაღაცნაირად სამყაროსთან და ადამიანებთანაც ჰარმონიაში რჩები.

„ქუართერის“ ბოლოს, როდესაც კონკურენცია პიკს აღწევდა, ძალიან იძაბებოდა სკოლაში აურა)) მართლა! აი, ერთი კვირის წინ, რომ საყვარელი გოგო ბიჭები დადიოდნენ სკოლაში, ამ პერიოდში ისინი ნამდვილ ბოროტ აგენტებად იქცეოდნენ ხოლმე, რაღაც ბანძი, დაბალბიუჯეტიანი “ბაევიკიდან”. აი, მანდ შეხვდებოდით და ნახავდით ადამიანების დემონებს. ზოგადად სირთულეებთან შეჯახებისას მარტივია, თავი დაკარგო და არასწორი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მთავარია, მალევე ეგოს მოუხმო, კეფაში წამოარტყა და თავს გაახსენო, რომ გზის გასაგრძელებლად ჯერ კიდევ გჭირდება ადამიანად დარჩენა. მოკლედ, იმის მაგივრად, რომ ჩემი დემონი ნაგვის ყუთში სხვისი იდეების ამოსაქექად გამეგზავნა, ანდა ნიკლასის ოთახში სკოლელის დასაბეზღებლად, სენდვიჩისა და ყავის მოსატანად ვაგზავნიდი სასადილოდან. მერე გამექცა საერთოდ. ახლა გალოთებულია და ზოგჯერ მირეკავს ხოლმე და ხმას არ იღებს, ან მესიჯებს მწერს, გაურკვეველს. იმედია იპოვის თავის გზას. რა ქნას, ეგეც ადამიანია :)))))) 

რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც არჩევანის/დაბრკოლების წინაშე არიან? რა არის მთავარი, წარმატების მისაღწევად?

ეს ის კითხვაა, რომელიც თავად ბევრჯერ დამიგუგლავს :))) ნუ, ძალიან რომ მოვინდომო და ჩავუღრმავდე ჩემს თავს, ალბათ, ასე ვუპასუხებ: თავად წარმატების მნიშვნელობა მისკენ მიმავალ გზაზე ბევრჯერ შეიცვლება და ეს ნორმალურია. იყო დრო, როცა „მაიამი ედ სქულში“ სწავლა უკვე წარმატება მეგონა :))) აგერ ცოტა ხნის წინ, მეგონა, რომ ბერლინში, ამ სფეროში ჩემს კუმირებთან მუშაობა უკვე ნამდვილად იქნებოდა წარმატება. თუმცა ახლა უკვე სხვაგან ვხედავ “სინათლეს”. წარმატება სინამდვილეში, მგონი, არც არსებობს, ნუ, ყოველ შემთხვევაში, როცა იქ ხარ, შენ მას ვერ გრძნობ, თორემ დედაჩემისთვის 5 წლის ასაკში ძლივს გამართული წინადადება რომ ვთქვი, მაგის მერე უკვე წარმატებული ვარ. წარმოიდგინეთ, მანდ რომ გავჩერებულიყავი : ))))

ალბათ, ესაა მთავარი, როგორც კი იგრძნობ, რომ შენს მიზანს უახლოვდები, მაშინვე ახალი დაისახო. არამც და არამც ეს არ ეხება მხოლოდ სამსახურებრივ განვითარებას. მთავარია, გზა არ დამთავრდეს და ყოველთვის სადმე წასასვლელი გქონდეს. ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, თუმცა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გზა შიშითაა მოფენილი. შიში ყველაფერზე ცუდია! ვიცი, არ უნდა მეშინოდეს, მაგრამ ზოგჯერ მაინც მეშინია. ზოგჯერ კი არა, თითქმის, სულ მეშინია. უფრო მეტიც, რაც უფრო ვხვდები, რომ არ უნდა მეშინოდეს, მით უფრო მეშინია!!! მძულს შიში! იმას ძალიან ვუყვარვარ. ვერაფრით ვიშორებ. ეგეც მწერს ღამ-ღამობით და ზოგჯერ ყვავილებსაც მიგზავნის :))) მოკლედ, ეცადეთ შიშს ეშინოდეთ თქვენი და არა თქვენ მისი. თუ გამოგივათ, გამიზიარეთ… სიკვდილს რომ შიში მოაცილო, ალბათ, ერთი კაი გამოძინება იქნებოდა.

იარეთ წინ, თუ საჭიროა გეზი შეცვალეთ და იმედები გაუცრუეთ თქვენს ცხოვრებას შემყურე საზოგადოებას! მაგ ნაწილზე ვგიჟდები!

არ შეგეშინდეთ არასწორი გადაწყვეტილებების, რადგან ბოლოს მაინც სწორია. 

და ბოლოს, სჯობს, იყოთ მართალი, ვიდრე – პოპულარული.

პ.ს. აი, ამდენს თუ ვხვდები, რა ჯანდაბა მჭირს, ვერ გავიგე! 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Chrome – როგორ იქცა ბრაუზერი ბაზრის ლიდერად

„ნინას სამზარეულო“ – საოჯახო სტარტაპი, სადაც ცოლი აცხობს, ქმარს კი პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვს