in

სოფია შაფათავას ამბავი – ჩოგბურთი, როგორც ცხოვრების სტილი

თავიდან ჩოგბურთი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პირველად კორტებზე აღმოჩნდა. მალევე დაამტკიცა, რომ შეუძლია იბრწყინოს და რატომაც არა, წინ დიდი მიზნები გაჩნდა. საქართველოში მას კარგად არ იცნობენ, თუმცა მისი სახელი ბევრს სმენია. ახლა დროა, ეს შეცდომა გამოვასწოროთ და გავიცნოთ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ჩოგბურთს მიუძღვნა და ახლა მზადაა, ეს ყველაფერი ახალ თაობასაც გადასცეს. თუმცა, ამით მისი კარიერული წინსვლა არ ჩერდება, წინ ახალი მიზნებია. 

ჩოგბურთელობა რომ მარტივი არაა, ეს თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, თუმცა გამოცდილებამ ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. Venue.სთან ინტერვიუში სოფია შაფათავა საკუთარ ამბავს გულწრფელად გვიზიარებს. 

სოფია შაფათავა: ჩოგბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე. პუტკუნა ბავშვი ვიყავი და გახდომა ძალიან მინდოდა. დავდიოდი ფორტეპიანოზე, ბევრს ვმეცადინეობდი და სულ ჯდომით რეჟიმში მიწევდა ყოფნა. ძალიან მაწუხებდა ის, თუ როგორ გამოვიყურებოდი. მამაჩემმა კი ძვირიანი ნაყინის ყიდვის ნაცვლად, არჩია, სახლთან ახლოს მდებარე კორტებზე შევეყვანე და ჩემი ყურადღება სპორტისკენ გადაეტანა. არანაირი სპორტსმენობის ამბიცია არ მქონია, ბავშვობიდან მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი და ამისთვის ვსწავლობდი, დავდიოდი მათემატიკურ სკოლაში, მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

ჩოგბურთის თამაში 10 წლის ასაკში დაიწყო, რაც უკვე დაგვიანებულია პროფესიული ჩოგბურთისთვის, თუმცა მან მალევე დაამტკიცა, რომ შეუძლია ჯგუფში ლიდერი გახდეს. 

სოფია: ერთ-ორ წელიწადში ყველა ჩემს თანატოლს დავეწიე და აშკარად კარგად გამომდიოდა თამაში. ამასთან საკაბელო ტელევიზია შემოვიდა საქართველოში და ვნახე დიდი შეჯიბრებები. მარტინა ჰინგისი ჩემი „აიდოლი“ გახდა და ძალიან მინდოდა მასე მეთამაშა. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გატაცებიდან ბავშვობის ოცნებად იქცა. თუმცა, მერე მივხვდი, რამდენ მატერიალურ სირთულესთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. საქართველში მეუბნებოდნენ, რომ აზრი არ აქვს, არაფერი გამოვა, ძვირიანი სპორტია, შენი მშობლები მილიონერები არ არიან და ა.შ. თუმცა, სულ მინდოდა რომ დამემტკიცებინა, თუ სურვილი გაქვს – რაღაცას აუცილებლად მიაღწევ. შეიძლება როჯერ ფედერერისთვის რაღაცის მიღწევა სლემის მოგებაა, თუმცა ჩემთვის მიღწევა – ს​ლემზე მოხვედრა იყო. ჩემთვის პატარ-პატარა გეგმები და სურვილები ავისრულე და დავამტკიცე, რომ ჩვენი ქვეყნიდანაც არის შესაძლებელი ამ სპორტში წარმატების მიღწევა. 

– რა იყო ის კარიერული ნაბიჯები, რამაც მიგახვედრა, რომ სოფია შედგა და მიზნები რეალიზდა?

– როდესაც ჩოგბურთის თამაში დავიწყე, ძალიან გამიჭირდა მატერიალურად. რთულია სპონსორის პოვნა, ჩვენ ფედერაციას არ ჰქონდა და არც ახლა აქვს, პრინციპში, იმხელა შესაძლებლობა, რომ მოთამაშეები ფეხზე დააყენოს. ჩემი და მეხმარებოდა ძალიან, რამდენადაც შესაძლებელი იყო, თუმცა წლიური ხელფასი რომ გადაედო ჩემთვის, მაინც არასაკმარისი იქნებოდა. ამიტომ პირველი რამდენიმე წელი გამოფხიზლებასავით იყო – საჭიროა, არ არის საჭირო. სულ უნდა მემუშავა, გზადაგზა უნდა მემწვრთნელა, კომერციული ტურნირები მეთამაშა, კლუბური შეჯიბრებები და ეს არ არის მთლად პროფესიონალური გზა. პროფესიონალ სპორტსმენს ევალება დროზე დაიძინოს, კარგად ჭამოს, ივარჯიშოს, ითამაშოს შეჯიბრი. დანარჩენი ყველაფერი არ უნდა იყოს მისი საზრუნავი. როდესაც სპორტსმენი დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, რა ფულით გადაიხდის სასტუმროს და თუნდაც ვახშმის, სიმების გადაჭიმვის ფულს, ეს აღარ არის პროფესიონალური გზა. ამასთან სულ მქონდა რაღაც იმედი, რომ საქართველოში ან სადმე, სპონსორს ვიპოვი, რაღაცა გამოვა, მაგრამ ეს არ მოხდა. ყველას მსოფლიოს ოცეულში შემავალი მზა ჩოგბურთელი უნდა და ასე არ ხდება. როდესაც მივხვდი, რომ უნდა გავიზარდო და უნდა მივიღო ეს ყველაფერი, ისე როგორც არის, წამოვიდა უკეთესი შედეგები. ჩემი მოთხოვნილებები შევამცირე, სლემის მოგებიდან, ვიფიქრე, მოდი, ჯერ სლემზე მოვხვდები და ა.შ. ამის შემდეგ ცოტა გამიადვილდა. სულ ვიცოდი, რომ მაღალ დონეზე შემიძლია თამაში. ახლაც, სპორტსმენისთვის არ ვარ პატარა ასაკში, მაგრამ ვგრძნობ, რომ კიდევ არის პოტენციალი. ვიცი, რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა ბევრად სწორად, მაგრამ იმდენად კმაყოფილი ვარ, საიდან მოვდივარ და როგორ მივაღწიე ამ ყველაფერს, პრინციპში, მე ვთლი რომ შევდექი, როგორც სპორტსმენი.

– რას თვლი შენს მთავარ მიღწევად კარიერაში? 

– ძალიან საამაყო მომენტი იყო ჩემთვის, როდესაც როლანდ გაროსზე, „დიდი მუზარადის“ შეჯიბრზე გავიარე კვალიფიკაცია, ძირითადში ვეთამაშე სვეტლანა კუზნეცოვას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ამ შეჯიბრებამდე არ მივარჯიშია ფაქტობრივად, უნდა მეთამაშა კლუბური შეჯიბრებები, რომ ფული გამეკეთებინა მანდ წასასვლელად. ასევე აღსანიშნავი მატჩია – ევჟენი ბუშარდს მოვუგე სამ სეტში, აშშ-ში, ვითამაშეთ ერთმანეთის წინააღმდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება, რადგან ვიცოდი, რამდენად კარგი მოთამაშეა, რამდენად კარგი ხელშეწყობა აქვს. ამ ფონზე, მე მარტო ვიყავი ჩასული შეჯიბრზე – არსაიდან არაფრით. 

ასევე, ერთი ყველაზე სამახსოვრო მომენტი მაქვს, 2008 წელს, აგვისტოს დასაწყისში ვიმყოფებოდი რუსეთში, შეჯიბრზე და ისე გამოვიდა რომ ერთეულთა თანრიგში ვითამაშე ფინალი და წყვილთა თანრიგში მოვიგე შეჯიბრი. ორჯერ იმ გაგანია ომის დროს, რუსეთში საქართველოს ჰიმნი დაუკრეს და ჩემთვის ეგ იყო ისეთი მომენტი, რომელსაც ვერასდროს, ვერცერთი მოგება ვერ გადაწონის. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსმა გოგოებმა და ასევე უცხოელებმა, ჩემს მხარდასაჭერად ყველამ გაიკეთა პატარა რეზინის თეთრი და წითელი ბრასლეტები, 30 კაცს ეკეთა, რომ საქართველოს დროშის ფერებში ყოფილიყვნენ. ჩემთვის ეს მომენტი ძალიან სასიამოვნო იყო. ეს არის ისეთი მოგონება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

სოფია შაფათავა და მისი მწვრთნელი, ტიმ შულცი

– როგორია შენი ყოველდღიური რუტინა, როგორი სტილით ცხოვრობ, ვიცი, რომ ხშირად გიწევს მოგზაურობა…

– როდესაც შეჯიბრებებს არ ვთამაშობ, ჩემი რუტინა ასეთია – დილით ადრე ვდგები, დავრბივარ, ვაკეთებ 20 წუთი მაინც იოგას, გააჩნია, რამდენი თავისუფალი დრო მაქვს. შემდგომ მივდივარ და ჩემთვის 2 საათის განმავლობაში ვთამაშობ ჩოგბურთს, შემდეგ კიდევ ორი საათი ფიტნეს მომზადებას გავდივარ და სადღაც, დაახლოებით დღის 2 საათზე ჩემს სპორტულ დღეს ვამთავრებ, ვისვენებ, ვსადილობ და საღამოს უკვე ბავშვებს ვავარჯიშებ. 

– თბილისში ყოფნის პერიოდში მიიღე გადაწყვეტილება, რომ შენი ცოდნა ახალ თაობასაც გაუზიარო, რაც ცხადია ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამწყები ჩოგბურთელებისთვის, ან უბრალოდ, ამ სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის. როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო ქართველ ახალგაზრდებს. თბილისში არც ისე ბევრი პროფესიონალი მწვრთნელი გვყვავს, ვინც პროფესიონალური გზა გამოიარა. ბავშვებმა არ იციან, სად მიიღონ ეს გამოცდილება. ძალიან ბევრი ნიჭიერი გოგო და ბიჭი გვყვავს და ძალიან ბევრი ისეთი ბავშვი და მშობელია, ვისაც უნდა პროფესიონალურ ასპარეზზე გავიდეს. ახლა ცოტა მეტი შესაძლებლობაც აქვთ, ვიდრე ჩვენ თაობას ჰქონდა, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა გავცეთ და ვასწავლოთ, თუნდაც იგივე მწვრთნელებს. ეს შეიძლება იყოს რჩევაც, გამოცდილების გაზიარებაც. მათ უნდა ისწავლონ, როგორ ივარჯიშონ, როგორ უნდა იკვებონ, რა არის საჭირო ფიზიკური მომზადებისთვის, იმიტომ რომ პირადად მე, 24-25 წლამდე ისე ვითამაშე ჩოგბურთი, რომ არანაირი კავშირი არ იყო, ჩემს კვებას, ძილსა და თამაშს შორის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდან ბავშვებმა გაიგონ, რა სერიოზულობით უნდა მიუდგნენ სპორტის ამ სახეობას. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ჯერ ისეთი პროფესიონალური მიდგომა, სადაც ბავშვს პატარა ასაკიდან მიექცევა ყურადღება, როგორც ფიზიკურად, მორალურად, ისე კვებისა და ჩოგბურთის მიმართულებით. ჩვენთან ასე ხდება – მოვიდა ჩოგბურთზე, წავიდა. გამოვიდა, არ გამოვიდა – უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი და ცხადია, ეს მიდგომა არასწორია. ჩემი მიზანია, რომ ეს ყველაფერი საქართველოში სისტემაში მოვაქციო და უფრო პოპულარულიც გავხადო სპორტის ეს სახეობა. ამ მიმართულებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა ბასილაშვილს. მსოფლიოს მე-15 ჩოგანი გვყვავს, ძალიან დიდი შედეგს მივაღწიეთ. შესაბამისად ჩოგბურთი უფრო პოპულარული გახდა, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროფესიონალურიც გახდება. 

– როგორც ვიცი, პანდემიის პერიოდში, ჩოგბურთელების დასახმარებლად სპეციალური პეტიციაც კი შექმენი, რომელსაც მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა…

– იმ ჩოგბურთელებს, ვინც ასეულის მიღმაა, ძალიან უჭირთ. ამ პერიოდში ჩოგბურთი გაჩერდა, გაჩერდა კლუბური და კომერციული შეჯიბრებები. ბევრმა მეგობარმა მომწერა, რომ ძალიან უჭირდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა პეტიცია, რადგან მაინტერესებდა ვინმე გაიგებდა და დაინტერესდებოდა თუ არა, ჩვენი პრობლემით. ჩემდა გასაკვირად, საერთაშორისო პრესაში ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ მიზანს მივაღწიეთ, გადახედეს მოთხოვნებს და ყველა მათგანი უკვე დაკმაყოფილებულია.

– რა ხდება ჩოგბურთს მიღმა, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა შენზე? 

– ძალიან მომთხოვნი ვარ ყველას მიმართ, უბრალოდ, ვთვლი რომ ყოველთვის შეიძლება რაღაც გააუმჯობესო შენს თავში და შენს ირგვლივ, ამიტომ ვინც მიყვარს მათ მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ძალიან მიყვარს ბავშვები და ცხოველები. შეიძლება ნებისმიერი ცუდი დღის განმავლობაში მომისყიდო ამ ორი სულიერით. ასევე ვარ იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ეს ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რადგან ჩუმად ვსწავლობ, ჩემთვის. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ მოხდა და უსამართლობამ გადამაწყვეტინა, რომ ეს მიმართულება ამერჩია. ბევრმა არ იცის, რომ სამედიცინო კოლეჯი მაქვს დამთავრებული. 10 წელი დავდიოდი ფორტეპიონაზე და ძალიან მიყვარს მზადება. 

– სოფია, როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ადამიანები დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით? თითქოს, ბოლო წლების განმავლობაშიც საქართველოშიც სწორი ტენდეციები შეიმჩნევა…

​- დიახ, საქართველოში ბევრად მეტ ადამიანს ვხედავ, ვინც ვარჯიშობს, ვინც კვებას აქცევს ყურადღებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ძალიან კარგია, როცა კუნთებს აქვს ტონუსი, ასევე, შინაგანი ორგანოებისთვის არის კარგი. როდესაც მოძრაობ, დარბიხარ, ყველაფერი მუშაობს უკეთესად, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, მონელების სისტემა უმჯობესდება, სტრესის დონე იკლებს, იმიტომ რომ ენდორფინები გამოიყოფა და შეგიძლია რომ უფრო ბედნიერი იყო. შეიძლება, ერთ დღეში არ გაბედნიერდე, მაგრამ, ნამდვილად ვინც სპორტს მიჰყვება რეგულარულად და აქცევს ყურადღებას ძილს, კვებას – ეს ყველაფერი პატარ-პატარა შედეგებით მიდის წინ და რაღაც მომენტში, შენ ფლობ შენს სხეულს, გონებას და გაქვს საშუალება სტრესულ სიტუაციებში შენი თავი ხელში აიყვანო. 

სოფიასთან ერთად ინტევრვიუზე მისი პირადი მწვრთნელი, ფიტნეს-ტრენერი და ნუტრიციოლოგისტი​ ტიმ შულცი იმყოფებოდა. შესაბამისად, შანსი ხელიდან არ გავუშვით და სოფიასთან ერთად ისიც ჩავწერეთ. ის სოფიასთან ერთად ავარჯიშებს ქართველ ბავშვებს ჩოგბურთში და ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს ფიტნესისა თუ ჩოგბურთის მიმართულებით. ის ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიური მწვრთნელია და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 

ტუმ შულცი: მე ვარ ფიტნესის, ტენისის და ნუტრიციოლოგიის ექსპერტი. ვცადე რომ განათლება სამივე მიმართულებით მიმეღო, რადგან სპორტსმენისთვის დახმარების გაწევა ყველა მიმართულებით შემძლებოდა. 

რაც შეეხება სოფიას. ​ჩვენ ერთმანეთი გერმანიაში, 2018 წელს გავიცანით. ის იმ კლუბში თამაშობდა, სადაც მე მწვრთნელი ვიყავი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ჯგუფის ლიდერი იყო. შევამჩნიე რომ ძალიან კარგად თამაშობდა. ის სლემზე იყო გასული. დავინახე რომ იმ ფიზიკური შესაძლებლობებით, რაც სოფიას აქვს, მას უკეთესი შედეგების მიღწევა შეეძლო.

– ​ტიმ, რა არის ახლა თქვენი მთავარი მიზანი?

– ჩვენი მთავარი მიზანია დავბრუნდეთ სლემზე და რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. ერთი წლის წინ, სოფია ძალიან კარგ პოზიციებზე იყო, თუმცა თამაში დროებით შეწყვიტა და ასეთ დროს ქულები ძალიან მალე იკლებს. ასე რომ მსოფლიო რეიტინგში ქვემოდან გვიწევს კვლავ თამაშის დაწყება. წინა პოზიციებზე მოსახვედრად ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო. ​ასევე, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი თლის რომ 30-ს ზემოთ როცა ხარ, აღარ შეგიძლია შედეგების გაუმჯობესება, თუმცა მე ეს არ მესმის, რადგან ზუსტად ვიცი, რომ სოფიას ბევრად მეტი შეუძლია. თუ გესმის შენი სხეულის და სწორად ვარჯიშობ, ყველაფერი შესაძლებელია და ეს ბევრმა მოქმედმა მოთამაშემ უკვე დაადასტურა. 



ფოტო: თინა თუთისანი/Venue.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ნინას სამზარეულო“ – საოჯახო სტარტაპი, სადაც ცოლი აცხობს, ქმარს კი პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვს

NUSAGI – ახალი ქართული აპლიკაცია, რომელიც კალორიებს დაგითვლით და წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ