in ,

NUSAGI – ახალი ქართული აპლიკაცია, რომელიც კალორიებს დაგითვლით და წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ

თუ თქვენი წონის გაკონტროლება და კალორიების მარტივად დათვლა გსურთ, მაშინ ახლავე აიღეთ მობილური და გადმოწერეთ NUSAGI-ის აპლიკაცია. ეს არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიირთვას გემრიელი საჭმელი სახლსა თუ რესტორანში და ამავდროულად, აკონტროლოს წონა.

როგორ მუშაობს ახალი აპლიკაცია და რაში დაეხმარება ის მომხმარებლებს, ამ თემაზე Venue.-ს ახალი ქართული კომპანიის დამფუძნებლები ესაუბრნენ.

რა არის თქვენი სტარტაპი და რა მექანიზმით მუშაობს?

NUSAGI წარმოდგენილია, როგორც მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიირთვას გემრიელი საჭმელი და ძალიან მარტივად, მაქსიმალური სიზუსტით დაითვალოს კალორიები როგორც სახლში, ასევე ჩვენს პარტნიორ რესტორნებში. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია, აპლიკაციის სისტემაში არსებული რესტორნების მენიუ დაათვალიეროს, ნახოს, რომელი კერძი რამდენ კალორიას შეიცავს და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, რომელ პროდუქტს შეუკვეთავს.

აპლიკაციის ალგორითმი სწავლობს მომხმარებლის მეტაბოლიზმს და ამ ინფორმაციის მიხედვით ურჩევს დღიური კალორიების ლიმიტს, შემდეგ კი – ამ ლიმიტის შესაბამის საკვებს უახლოეს კაფეებსა და რესტორნებში.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, მოძებნოს დაწესებულებები შემდეგი კრიტერიუმებით: ვეგანური, ვეგეტარიანული, ალკოჰოლი, სიახლოვე, ბიუჯეტი , კონკრეტულ კერძზე შეფასებები.

ასევე შეუძლია, აირჩიოს NUSAGI-ის რეცეპტები, შეამოწმოს მათი კალორიულობა, გაფილტროს მომზადების სირთულისა და დროის მიხედვით. თუ საჭირო ინგრედიენტები არ აქვს, შეუძლია, შეუკვეთოს NUSAGI-ის პარტნიორი მაღაზიიდან.

B2B-ს მხარე ამჟამად შედგება ორი კომპონენტისგან, ესენია: ტრაფიკის მიზიდვის მეშვეობით, გაყიდვების გაზრდა და რაც მთავარია, მონაცემების ანალიზის მეშვეობით, დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი ანალიტიკის მიწოდება. ეს ინფორმაცია მათ ეხმარებათ, როგორც პრობლემების დროულ აღმოჩენაში და ხარისხის გაუნჯობესებაში, ასევე შიდა პროცესების მართვის გამარტივებაში, რაც საბოლოოდ ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი დიდი შემადგენელია.

მაგალითისათვის, რესტორნის მენეჯერს რეალურ დროში შეუძლია ნახოს:

რომელია ყველაზე პოპულარული კერძი და რომელი მზარეულის მიერ მომზადებული საჭმელი უფრო მოსწონს მომხმარებელს.

კვირის რომელ დღესა და რომელ საათზეა კონკრეტულ კერძზე მოთხოვნა და არის თუ არა საწყობში საჭირო ინგრედიენტები.

შეუკვეთოს პროდუქტები პლატფორმაზე არსებული მომწოდებლებისგან, რომლებიც შესაძლოა, გაფილტროს როგორც სხვა რესტორნების შეფასებებით, ასევე ფასით, მიტანის დროითა და ა.შ.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

2016 წელს, როდესაც იმ დროისთვის არსებული ყველანაირი კალორიის დამთვლელი და ფიტნესტრეკერი აპლიკაცია ვცადე, ​გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგია და მოერგებოდა რეალური ადამიანის ცხოვრების სტილს.

თითქმის სამი წელი ვიკვლევდი მიზეზებს, რატომ მოდიოდა წარმატების მცირე წილი წონის კლების ინდუსტრიაზე. ამ კვლევების შემდეგ, ჩამოყალიბდა რამდენიმე შაბლონი და მათი მიხედვით 2019 წელს დავიწყეთ იდეის განხორციელება.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა აპლიკაცია, რომელიც იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული, მაგრამ, ამავე დროს, იქნებოდა მარტივი, უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული.

თითოეული რესტორნის დამატებისას, ყველა კერძს ინგრედიენტებად ვშლით და გამოგვყავს მაქსიმალურად ზუსტი კალორიულობა. თუ რომელიმე ინგრედიენტის კალორიულობას ვერ ვადგენთ, მიგვაქვს ლაბორატორიაში, სადაც ბომბური კალორიმეტრით ვიგებთ ზუსტ შემადგენლობას.

იგივე პროცედურას ვატარებთ, როდესაც ვამატებთ მარკეტს ჩვენს სისტემაში.

ინტერფეისი მომხმარებელზე და მის ჩვევებზეა მორგებული:

რამდენად ზუსტიც არ უნდა იყოს კერძების კალორიები მითითებული აპლიკაციაში, არის სხვა ადამიანური ფაქტორები, რის გამოც მომხმარებელი ხშირად ვერ აღწევს დასახულ მიზანს.

ჩვენ თითოეულ ამ დეტალს ჩავყევით და ვეცადეთ, აპლიკაცია აგვეწყო ისე, რომ მომხმარებლისთვის გაგვეჩინა ახალი ჩვევები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდნენ.

მაგალითად: ვიცოდით, რომ რესტორანში ზოგი საჭმელი იმდენად კალორიულია, რომ მთლიანი ულუფის ჭამა და კალორიების ლიმიტში ჩატევა შეუძლებელია, სასურველი რაციონის გამოსათვლელად კი რესტორანში არავინ მივიდოდა საკვების სასწორით, ამიტომაც შევქმენით ანიმაცია, სადაც მომხმარებელს შეუძლია, დახედოს თეფშს და მონიშნოს შეკვეთილი კერძის რამდენი % მიირთვა.

ასეთი ძალიან ბევრი დეტალია გათვალისწინებული NUSAGI-ში.

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

პლატფორმის განვითარება ფაზებად გვაქვს დაყოფილი, მოკლევადიანი გეგმა არის, რომ სექტემბრიდან დავიწყოთ კრიტიკული მასის აკრეფა, გავაკეთოთ ანდროიდ ვერსიის რელიზი და 2021 წლის იანვარში დავიწყოთ ამერიკაში პირველი მომხმარებლების დამატება.

ასევე ყოველ თვეს დაემატება ახალი ფუნქციონალი.

რაც შეეხება გრძელვადიანს, გვაქვს ამბიცია, რომ გლობალურად ჩვენი პლატფორმა ინტეგრირდეს საკვების ინდუსტრიის ჯაჭვში, რომ გავამარტივოთ ესპროცესები. ასევე ვფიქრობთ subscription based მოდელზეც.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

დღევანდელ დღეს, როდესაც ყოველდღიურად ასობით სტარტაპი იქმნება და მათი წარმატების პროცენტი 1% ნაკლებია, იმისათვის რომ ამ მასიდან გამოვირჩეთ, ჩემი აზრით, საჭიროა, დასაწყისში ვიყოთ მაქსიმალურად კრიტიკულები ჩვენი პროდუქტის მიმართ და ვეცადოთ, შევხედოთ ჩვენს პროდუქტს მომხმარებლის მხრიდან.

და რაც მთავარია, ადვილად არ დავნებდეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სოფია შაფათავას ამბავი – ჩოგბურთი, როგორც ცხოვრების სტილი

თუ ჯერ კიდევ არ იცით, სად ჩააბაროთ – რჩევები აბიტურიენტებისთვის