in

#სტარტაპი „უფ…“ – წიწაკის ტკბილ-ცხარე მურაბები, რომლის გემოსაც ვერასდროს დაივიწყებთ

სტარტაპმა „უფ“ ორი თვეა, რაც დღის შუქი იხილა და გზას წარმატებისკენ ისევ განაგრძობს. ბრენდის სახელი მარტივია, თუმცა რთულია, წიწაკების ტკბილ-ცხარე მურაბის (სოუსის) დაგემოვნებისას არ აღმოგხდეს სიტყვები – „უფ, კაია…“

სტარტაპი გიგა ღონღაძემ წამოიწყო და მასთან ერთად სამი ადამიანი მუშაობს. ამ ეტაპზე, სტარტაპი „უფ“ მომხმარებელს წიწაკის ტკბილ-ცხარე მურაბებსა (სოუსებს) და სტაფილოს ჯემს სთავაზობს. პროდუქციის მიწოდება სახლში მიტანის სერვისით არის შესაძლებელი და მალე სხვადასხვა მაღაზიის თაროებზეც ვიხილავთ.

გიგა ღონღაძე დეტალურად გვესაუბრება თავის სტარტაპზე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციასაც გვიზიარებს.

რა მექანიზმით მუშაობს თქვენი სტარტაპი?

„უფ“ აწარმოებს განსხვავებულ გემოებს. თავიდან დავიწყეთ წითელი წიწაკის ტკბილ-ცხარე მურაბების (სოუსის) გამოშვება, რაც მალევე ძალიან პოპულარული გახდა და მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ გაჩნდა უკვე სხვა არომატებისა და გემოების იდეა. ძირითადად, რეალიზაცია ხდებოდა ფეისბუქ ჯგუფების დახმარებით, მიტანის სერვისის გამოყენებით, თუმცა რამდენიმე მაღაზიისგან შეკვეთა მივიღე და შესაძლებელი იქნება როგორც სახლში მიტანის სერვისით სარგებლობა, ასევე, მაღაზიებში, კონკრეტულ ლოკაციებზე შეძენა.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

წლების წინ დავაგემოვნე ეს სოუსი და ძალიან მომწონდა, თუმცა სხვა არომატით. შემდეგ, გადავწყვიტე ჩემთვის მომემზადებინა და რაღაცები დამემატებინა, არომატები შემეცვალა და სახლისთვის მზადება დავიწყე. ოჯახში როცა მწვადს შევწვავდით ან ქათამს, ყოველთვის ჩემ მიერ დამზადებულ წიწაკის მურაბასთან ერთად ვჭამდი. ძალიან უხდება, აი, აკვდება. :)) მოხდა ისე, რომ ეპიდემიის გამო, დავრჩი უმუშევარი, არანაირი შემოსავალი აღარ მქონდა. ერთი ჯგუფი ვნახე, სადაც სახლში დამზადებულ პროდუქციას ყიდდნენ, ღვინოს, არაყს და ა.შ. ჯერ სახლის ჯიგრული ჭაჭის არაყი დავდე გასაყიდად, თუმცა არავის მოუწერია. შემდეგ, ჩემთვის დამზადებული წიწაკის მურაბის 3 ქილაც მივაყოლე საცდელად. აი, მანდ კი გამოჩნდნენ მსურველები და პირველი შეკვეთა დაახლოებით 25 ქილა იყო. რა თქმა უნდა, გამეხარდა, დავამზადე შეკვეთა და წავიღე. ყველას ძალიან მოეწონა და სამადლობელი პოსტები დამიწერეს. მეორე შეკვეთა უკვე 140 ქილა მქონდა. მოგვიანებით მაღაზიებიდანაც დამიკავშირდნენ და ახლა უკვე ახალი რაღაცების დამატებასაც ვაპირებ.

რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?

სახელი მინდოდა მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ბევრი ვარიანტი მქონდა, მაგრამ არცერთი არ მომწონდა. გადავწყვიტე დამესვენა და ცოტა ხანს აღარ მეფიქრა. საბოლოოდ, ღამის ოთხ საათზე ძილის წინ თავისით მოვიდა სახელი “უფ”. მარტივია და ადვილად დასამახსოვრებელი. თან, დაგემოვნებისას, აუცილებლად გაიფიქრებ, „უფ, კაია”.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

თავიდან სირთულე დასამზადებელი მასალის ფასის ცვლილება იყო. დამზადების შემდეგ ფასი 3-ჯერ გაიზარდა. ასევე, იმ ქილების დეფიციტიც იყო, რომელსაც ჩემი პროდუქციისთვის ვიყენებდი. ამიტომ მომიწია ქილების შეცვლა და უფრო ძვირად შეძენა. ამის გამო, იძულებული გავხდი, ცოტა გამეძვირებინა წიწაკები. იმედი მაქვს, რომ ზაფხულისთვის ფასი დასტაბილურდება და მურაბებიც თავის ფასს დაუბრუნდება.

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

ამ ეტაპზე, კონკურენციის პრობლემა არ მაქვს. ძალიან იშვიათად შემხვედრია მსგავსი მურაბები. თუ გამოჩნდება, არც ეგ იქნება პრობლება. პირიქით, უფრო ძლიერდები კონკურენტებთან და მოდუნების საშუალება აღარ გაქვს. შესაბამისად, ცდილობ უფრო ხარისხიანი და გემრიელი პროდუქცია აწარმოო.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

პირველ რიგში, ხარისხი და ის, რომ ნატურალური პროდუქტებით არის დამზადებული. არანაირ ქიმიურ დანამატებს და მინარევებს არ ვიყენებთ. მეორე, ალბათ, იმიტომ რომ უცხოა და განსხვავებული, ბევრისთვის სიახლეა და ინტერესი უჩნდება, გასინჯოს, როგორი შეიძლება იყოს ტკბილი და ცხარე ერთად. ვინც გასინჯა, მეორედ აუცილებლად იყიდა.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. აუცილებლად იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები, თუმცა, არ უნდა დანებდე და გააგრძელო იმის კეთება, რასაც აკეთებ და რისიც გჯერა. საბოლოოდ, აუცილებლად გამოვა.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

დამატებითი ადამიანური რესურსი და ფინანსები გარკვეული დანადგარების შესაძენად. ასევე, პროდუქციის მეტი რეკლამირება, რომ უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახდეს. რასაც მალე დავიწყებ და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის უკვე ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდება „უფ“-ი.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

პირველ რიგში, ყველას წარმატებას ვუსურვებ. მეც რამდენიმე თვეა, რაც დავიწყე, ასე რომ რჩევებს მეც დიდი სიამოვნებით ვიღებ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც დამწყები სტარტაპერი დამწყებ სტარტაპერს, ვურჩევ, რომ ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი იდეები. არ დაეზაროთ შრომა და დაბრკოლებებსა და იმდეგაცრუებებს არ შეუშინდნენ. არაფრისგან შეიძლება ყველაფერი შექმნა.

მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„Nike“-ის ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე თავისით გეცმევა

აპლიკაციები, რომლებიც სასურველი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარება