in

ჰუდები მრავალფეროვანი ყოველდღიურობისთვის – ქართველი იუთუბერების სტარტაპი

დატვირთული რეჟიმის პირობებში, კომფორტული სამოსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰუდების შექმნის იდეა, ჯერ საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა, მოგვიანებით კი, წარმატებულ სტარტაპად გარდაიქმნა. ქართველი იუთუბერების ოჯახის მომდევნო წამოწყების შესახებ squad.-ის თანადამფუძნებელს – გიორგი დანელიას ვესაუბრეთ.

–  როდის გაჩნდა იდეა და რა ეტაპები გაიარეთ, მის რეალობად ქცევამდე?

– ბრენდის შექმნის იდეა ჩემი და თეოს (ჩემი მეუღლის) პირადი საჭიროებებიდან წამოვიდა. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიურობა ძალიან დატვირთულია. შესაბამისად, თავიდან, როგორც მომხმარებლებს, ისე გაგვიჩნდა მოთხოვნა კომფორტულ ტანისამოსზე. ბევრი საერთაშორისო ბრენდი მოგვწონდა ამ მიმართულებით, თუმცა საქართველოში ჩვენი გემოვნების ვერაფერი ვიპოვეთ. საბოლოოდ, ჩვენითვე გადავწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შევქმენით squad.-ი.

თუმცა იდეის გაჩენიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე დიდი გზა გავიარეთ: ჩვენი საბოლოო პროდუქტი მივიღეთ დიზაინზე ხანგრძლივი მუშაობის შედეგად. ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ ბრენდინგს – ვიზუალურ მხარეს და, განსაკუთრებით, ბრენდის შინაარსს: ჩვენს ხედვას, მთავარ ღირებულებებს, საკომუნიკაციო სტრატეგიას…

– რატომ ჰუდების ხაზი?

–  ჩვენი ყოველი დილა დაკავშირებული იყო ფიქრის ხანგრძლივ პროცესთან, რა ჩაგვეცვა ისეთი, რითაც მთელი დღის დაგეგმილ აქტივობებს მოვერგებოდით. squad.-ი ამ ყოველდღიურ პრობლემებს გვიმსუბუქებს – „ოვერსაიზ“ ფერადი ტანისამოსის დახმარებით ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია გამოვიყურებოდე შესაფერისად, დიდი ძალისხმევის გარეშე. თავს ვგრძნობდე კარგად, კომფორტულად. კომფორტი კი, თავის მხრივ, ჩემთვის სიმშვიდისა და პროდუქტიულობის გარანტია.

– თქვენი ბრენდის პერსონიფიკაცია რომ მოვახდინოთ – როგორი ტიპია „Squad.-ი“?

–  squad.-ის პერსონიფიცირებისას მთავარია, რომ ის ძალიან welcoming ტიპია. ჩვენი კომუნიკაციისას მომხმარებელს არ ვზღუდავთ კონკრეტული ასაკით, საქმიანობითა თუ ცხოვრების სტილით. ეს არის ოვერსაიზ-უნისექსპროდუქციის ბრენდი, რომელიც შექმნილია განსხვავებული ადამიანებისთვის და ეს არის კიდეც ჩვენი ბრენდის კონცეფცია – ვართ ერთად და ვაფასებთ ერთმანეთის განსხვავებულობას. მთავარი, რაც გვაერთიანებს, კომფორტულად ყოფნის სურვილია.

squad.-ი აფასებს კომფორტს საკუთარ თავთან და კომფორტს ურთიერთობებში; თვითონ ყოველთვის ნამდვილია და სურს, განავითაროს ასეთივე ნამდვილი ურთიერთობები, რომელთაც მოაქვს ხალისი და ბედნიერება.

ამ ტიპაჟზე ბევრს ამბობს ბრენდის სახელიც – „squad“ არის კავშირი, ერთიანობა, გუნდი, ოჯახი, მეგობრობა… და ჩვენს squad.-ში ყოველთვის არის შენი ადგილი.

ქართველი იუთუბერების ჰუდების სტარტაპი

–  ზოგადად, ჰუდების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს – რით გამოარჩევდით თქვენს ბრენდს?

–  ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ბაზარზე შექმნილი მორიგი ჰუდი – squad.-ს აქვს უნიკალური ფორმა და განსხვავებული ფერები. ამასთან ვუწევთ პოპულარიზაციას Oversized მოდას, რომელიც არც თუ ისე გავრცელებულია ჩვენ გარშემო. სწორედ დიდი ზომის, კომფორტული და დახვეწილი დიზაინები იქნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობა.

–  ვინ ქმნის squad.ს – გაგვაცანით გუნდი.

–  squad. -ზე ძალიან პატარა გუნდი მუშაობს, თუმცა დიდი დრო დავუთმეთ ამ 5-კაციანი სქუადის დაკომპლექტებასაც. ესენი არიან თავიანთ საქმეში გამოცდილი ადამიანები, რომელთაც აქვთ კრეატიული მიდგომები და, რაც მთავარია, ჩვენი ბრენდის მსგავსი ღირებულებები.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? – აპირებთ თუ არა გაფართოებას, სხვა სეგმენტზე გასვლას, ახალი შეთავაზებების დამატებას და ა.შ.

– საწყის ეტაპზე გვსურს, მყარად დავდგეთ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც განვიხილავთ. ვართ მთლიანად ციფრულები – პროდუქციას ვყიდით საიტზე და ძალიან ვაქტიურობთ დიჯიტალში. თუმცა მომავალში არც ფიზიკური მაღაზიების გახსნასაც გამოვრიცხავთ. პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების დამატებაზე, რათა კიდევ უფრო მეტი ფერი შევიტანოთ ადამიანების ყოველდღიურობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
სტრესთან საბრძოლველი მოწყობილობა

სტრესის შემამსუბუქებელი გენიალური მოწყობილობა გამოიგონეს

#ქვიზი – შეგიძლია თუ არა მეილის სწორად შედგენა?!