in

მსმენელი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან – ქართველი მუსიკალური პროდიუსერის #ამბავი

100 000-ზე მეტი მსმენელი მსოფლიოს 100 ქვეყანაში – ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება ქართველი მუსიკალური პროდიუსერის – Lukasoprom-ის კარიერული გზა, რომელსაც მწვერვალამდე არცთუ ისე დიდი მანძილი აშორებს. ლუკა სოფრომაძე „ვენიუს” საკუთარ მუსიკასა და შემოქმედებით პროცესზე ესაუბრა.

– რატომ მუსიკა? ვინ არის შენი შთაგონების წყარო?

– ადრეული ასაკიდან ვცდილობდი, შემოქმედებითი და გამორჩეული ადამიანი ვყოფილიყავი. შემექმნა ის, რაც იქნებოდა ღირებული და საინტერესო.შემდეგ, დროთა განმავლობაში, მივხვდი, რომ მუსიკა ძალიან ახლოს იყო ჩემთან და შემეძლო ამ საქმეში ჩემი თავის რეალიზება.

– როგორ დაახასიათებდი იმ მუსიკას, რომელსაც ქმნი?

– თითქმის ყველა ჩემი ტრეკი არის ენერგიული, არის გათვლილი ფესტივალებისთვის და ხალხმრავალი შოუებისთვის. 
 ძალიან მომწონს და მივყვები ამ ჟანრს, იმიტომ  რომ მაქვს საშუალება ნებისმიერი ჟანრის ელემენტები გამოვიყენო, არ მაქცევს ჩარჩოებში და, ამ მხრივ, თავისუფალი ვარ. თან, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი საკმაოდ მოსმენადი და მოთხოვნადია.

– როგორია უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი?
– ყოველი სამუშაო დღე განსხვავებულია, ასევე მუშაობის პერიოდიც. შეიძლება, ერთ დღეს ძალიან მალე დავწერო ტრეკი და მეორე დღეს ძალიან გაიწელოს ეს პროცესი.
ყოველდღიურად ვცდილობ ახალი და განსხვავებული გავაკეთო. ეს ყველაფერი საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ეს ჩემთვის სასიამოვნო დაღლაა. 

– ყველაზე მეტად ვისთან ისურვებდი თანამშრომლობას?
– დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი Troyboi-თან, ჩემ საყვარელ Trap პროდიუსერთან . ჰიპ-ჰოპ, რეპ შემსრულებლებიდან Travis Scott-თან.

– რომ არა მუსიკალური კარიერა, სად იქნებოდი ახლა?

– სიმართლე გითხრათ, ჩემი თავი მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ აუცილებლად სხვა შემოქმედებითი საქმით ვიქნებოდი დაკავებული – მაგალითად, კინემატოგრაფიით.

მიუხედავად იმისა, რომ ვარ მუსიკოსი, ასევე ვსწავლობ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ექიმობა იქნებოდა ჩემი სხვა ძირითადი საქმიანობა, მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და მინდა ჩემი თავი ბევრ საქმეში გამოვცადო.

– რას ფიქრობ ქართველ მუსიკოსებზე?
– ყველაფერ დადებითს – ვატყობ მათ განვითარებას. აღარ აქვთ ის უხილავი ზღვარი, რაც განვითარებაში ხელს უშლიდათ და ცდილობენ ის ხარისხი დადონ, რასაც მსმენელი ითხოვს, რაც ევროპასა და ამერიკაშია.

– რას ურჩევდი ახალბედა მუსიკოსებს?
– ახალბედა მუსიკოსებს ვურჩევ, არ დანებდნენ, იმუშაონ ყოველდღიურად და განავითარონ ყველა დეტალი. 
დიდი წარმატების მისაღწევად არ არის საჭირო გრანდიოზული სტუდიები და აპარატურა. მთავარია ნიჭი და მისი რეალიზება, შრომა აუცილებლად დაფასდება.
– თვისებები, რომელიც კარგ მუსიკოსს აყალიბებს. 
– არ უნდა გეშინოდეს დამარცხების და უნდა იბრძოლო ყოველდღიური განვითარებისთვის. ნამდვილად არ არის მარტივი, პირადად მეც ვცდილობ ყოველდღიურ განვითარებას და იმის შენებას, რომ ვიყო კარგი მუსიკოსი.
აუცილებლად უნდა გიყვარდეს ეს საქმე და ყველაფერი უნდა გაიღო ამისთვის. სხვაგვარად, სამწუხაროდ, ვერ მიაღწევ მიზანს.

მითითებულ ბმულებზე, შეგიძლიათ, ლუკას შემოქმედებას გაეცნოთ.
https://soundcloud.com/lukamusicpage​​
https://www.facebook.com/Lukasoprom​​
https://www.instagram.com/lukasoprom/​​

მასალა მოამზადა სალომე ეზიაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
დრონების შოუ შანხაის ცაზე

3200 განათებული დრონის შოუ შანხაის ცაზე

კინოთეატრები მაყურებელს დღეიდან მიიღებს! – რა უნდა გავითვალისწინოთ