in ,

გიორგი ხაჩიძე – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

​რუბრიკის დღევანდელი სტუმარია საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე. მისი კარიერა საკმაოდ პატარა ასაკიდან იწყება. თვლის რომ გაუმართლა, რადგან თავიდანვე იქ მოხდა, სადაც მისი ინტერესები კარიერულ მიზნებთან თანხვედრაში მოდიოდა. მისი გამოცდილება და შემართება ბევრი თქვენგანისთვის მოტივაციის წყარო გახდება.

“სხვა გზა არ არის” – ეს წინადადება ჩემს გარშემო არსებული ანტრეპრენული სულისკვეთებით ანთებული ადამიანებისგან ხშირად მესმის, რომლებიც რაღაც გიჟურ იდეას შეუპყრიათ, აი ისეთ იდეას, აქამდე რომ არავის უფიქრია და ფუტურისტულად მოსჩვენებიათ. მთავარი ამ ყველაფერში კი ის არის, რომ ასეთი ადამიანები იმდენად არიან შეპყრობილნი ამ იდეით, უკან დასახევ გზასაც კი ვერ ხედავენ და ყველა პრობლემას ახალ გამოწვევად მიიჩნევენ, ჩემი აზრით, სწორედ ფიქრის ასეთი სახეობა იქცევა ხოლმე ყველა ადამიანის მიზნების მიღწევის საწინდრად. ასეთი ტიპის ფიქრს ამერიკელები “Moonshot Thinking”-საც უწოდებენ, რაც რეალურად ისეთი მიზნების მიღწევას ნიშნავს, რომლებიც თავდაპირველად მიუღწევლად გვეჩვენებოდა.

ვერც მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ უნივერსიტეტის პირველსავე კურსზე ვიპოვიდი საყვარელ საქმეს, რადგან ყოველთვის, როდესაც მეკითხებოდნენ, თუ რა პროფესია მინდოდა რომ ამერჩია, არასოდეს არ მქონდა ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა იყო ბევრი რამის ცდა და სხვადასხვა პროფესიაში გარკვევა, რაც ასევე ყველაზე მთავარია, აუცილებლად უნდა დამეწყო დაბალი საფეხურიდან და არასოდეს არ უნდა გამეჩერებინა საკუთარი თავის განვითარება.

თავდაპირველად, რამდენიმე თვე კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობდი ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელში, სადაც ბევრი უნარი შევიძინე, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ამიყვანეს სტაჟირებაზე. სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, თუმცა ახალი შექმნილი იყო და ქვეყანაშიც ისეთ საქმეს აკეთებდნენ, რომელზეც იმ დროისთვის სხვა ბევრი არავინ ფიქრობდა. ალბათ, ამის გამო შემიყვარდა ჩემი საქმიანობა, ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით. სულ რაღაც რამდენიმე ადამიანი ვცდილობდით, რომ ჩვენნაირი ადამიანები შემოგვეკრიბა ირგვლივ, რათა უფრო მეტ იდეით ანთებულ ან მიზანდასახულ ადამიანს დავხმარებოდით.

სააგენტო მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორიც არის: მაღალმთიანი სოფლების ინტერნეტიზაცია, ტექნოლოგიური პარკები, სტარტაპების ხელშეწყობა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და ა.შ. იმის გამო, რომ კონკრეტული, ვიწრო-სპეციალიზირებული მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა, 20 წლის ასაკში საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური სახელმწიფო პროექტის კოორდინატორობა მანდეს, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა ჩემგან. მართალია, ამ კონკრეტულ სფეროში კარგი გამოცდილება მქონდა, თუმცა არასოდეს მიმართავს გუნდი, რაზეც საკმაოდ ბევრს ვნერვიულობდი და ცოტა მეშინოდა კიდეც, რომ ადამიანებისთვის იმედი არ გამეცრუებინა. ბევრი დრო დავხარჯე იმისათვის, რომ ყველაფერი მესწავლა კარგი მენეჯერობისთვის. ბევრი შეცდომაც დავუშვი, რაც ძალიან დამეხმარა სწრაფ განვითარებაში. არასოდეს განვიცდიდი შეცდომებს, მგონია, რომ შეცდომების ვისაც ეშინია, ვერასოდეს მიაღწევს ბოლომდე საკუთარ მიზნებს, ამიტომაც ასეთ ადამიანებს ვურჩევდი “Fuckup Nights”-ის ღონისძიებებზე სიარულს, სადაც სხვებისგან მოისმენენ მარცხის ისტორიებს და იქნებ, მათ მაგალითებზე მაინც დასძლიონ ეს შიში.

სააგენტოში ბედნიერად და სტაბილურად ყოფნის მიუხედავად, გადავწყვიტე ჩემი თავისთვის დისკომფორტი შემექმნა და კომფორტის ზონიდან 100%-ით გამომეყვანა. ერთ დღესაც გავიღვიძე და სამსახურში მისვლისას ჩემს მენეჯერს ვუთხარი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა წავსულიყავი სამსახურიდან ისე, რომ ჩემი საქმე სააგენტოში არ დაზარალებულიყო. წამოვედი და საკმაოდ გამოცდილ ადამიანთან ერთად კომპანია “Future Laboratory Management” შევქმენი, რომლის ფარგლებშიც განათლების სფეროში ინოვაციური სწავლებისა და მომავლის პროფესიების დანერგვას შევუდექი. გვჯეროდა, რომ მომავალ თაობას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით, თუკი მათ აქედანვე ისეთი პროფესიებით არ დავაინტერესებდით, რომლებიც მომავალში იქნებოდა პოპულარული. მომავლის პროფესიებში იგულისხმებიან: 3D პრინტერების სპეციალისტები, რობოტებისა და დრონების სპეციალისტები და ა.შ. 2 წელში განვავითარეთ კომპანია, რომელიც 2000-მდე ბავშვს ასწავლიდა მომავლის პროფესიებს თბილისის კერძო სკოლებში. ამას გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვეთით, ვქმნიდით სტარტაპ აქსელერაციის პროგრამებს, ტექნოპარკებსა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებს.

საკუთარი კომპანიის ქონა ძალიან კარგი გამოცდილებაა, მახსოვს, ერთმა ამერიკელმა ინვესტორმა მითხრა ადრე, რომ MBA-ზე ჩაბარებაზე არ მეფიქრა და პირდაპირ კომპანია შემექმნა, რითიც უფრო მეტს ვისწავლიდი ბიზნესზე, თუმცა ადრეულ ასაკში კომპანიის შექმნას, ჩემი აზრით, გარკვეული მინუსებიც აქვს, ერთ-ერთი ასეთი მინუსი კი გამოუცდელობაა. ვფიქრობ, რომ ერთ, კონკრეტულ სფეროში უნდა გახდე შენი საქმის საუკეთესო შემსრულებელი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც უნდა შეგეძლოს შენი ექსპერტიზით სხვებისთვის კონკურენციის გაწევა. როდესაც კარგად იცი, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი იმ საქმეში, სექტორში, სადაც ხარ, შესაბამისად იცი ყველაზე დიდი პრობლემები, რაც ამ სფეროში არსებობს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაქვს გამოცდილება და კონტაქტები, რომელიც ამ პრობლემების გადასაჭრელად შეგიძლია გამოიყენო და შექმნა გლობალური, წარმატებული კომპანია. სწორედ ამიტომ წამოვედი საკუთარი კომპანიიდან და დღეს ძალიან კარგ გამოცდილებას ვაგროვებ საქართველოს ბანკში, სადაც ინოვაციურ და ძალიან საინტერესო ციფრულ საბანკო პროექტებზე ვმუშაობ, ძალიან კარგ გუნდში.

ადამიანებისთვის Რჩევების მიცემა შესაძლოა დიდად არ გამომდის, თუმცა Როგორც ჩემი ამჟამინდელი დამსაქმებელი იტყოდა, მთავარია “არ გაჩერდე და ყველაფერს შეძლებ”, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი წარმატების “თამაში” ბოლო ლეველში გასვლით დახუროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კიდევ ერთი ქართველი „მაიკროსოფტში“ – თამუნა კაპანაძის წარმატების ამბავი

Chrome – როგორ იქცა ბრაუზერი ბაზრის ლიდერად