in ,

ჯინო დოლინი – „სხვა გზა არ არის“

ჯინო დოლინის სხვა გზა არ არის

სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

დღევანდელი მთხრობელია „ტერმინალის“ ხელმძღვანელი ჯინო დოლინი. საქართველოდან თინეიჯერობისას წასული სამშობლოში 12 წლის შემდეგ დაბრუნდა და პირდაპირ სასტუმროს 200-კაციანი გუნდის მართვა დაიწყო. გვიყვება, რომ ახალი გამოწვევების პარალელურად, თავდაჯერებულობა ბევრჯერ დაუკარგავს რამდენჯერმე უკან, აშშ-ში გაქცევის სურვილიც კი გაუჩნდა.

ამბავი

ბევრს გამოუცდია სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის სირთულეები, ახალ გარემოსთან ადაპტირება, უცხო ენა, განსხვავებული კულტურა და მენტალიტეტი, გზის გაკვალვა საერთოდ უცხო გარემოში და ვინ ჩამოთვლის. კიდევ რამდენი სირთულე ახლავს საცხოვრებლის გამოცვლას, მით უმეტეს, როცა თინეიჯერი ხარ.

თუმცა ჩემს ცხოვრებაში პირიქით მოხდა… ამერიკაში დასახლება კი არა, იქიდან საქართველოში გადმოსახლება გამიჭირდა. თინეიჯერობისას წასული საქართველოში 12 წლის შემდეგ დავბრუნდი და პირდაპირ სასტუმროს 200-კაციანი გუნდის მართვა დავიწყე, თან კახეთში, სადაც ამერიკული სტანდარტების მიდგომები კი არა, ქართული სტანდარტებიც კი რთულად გასაგები იყო.

პირველი თვე თითქმის არ მახსოვს, ისე ვნერვიულობდი. პირველ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა თავის დამკვიდრება იყო აბსოლუტურად განსხვავებულ წრესა და გარემოში, სადაც პირველივე მომართვები „ქალბატონო ჯინა“-თი დაიწყო.

გუნდი უნდა დამერწმუნებინა, რომ ეს ასაკით პატარა, ტატუებიანი, ამერიკელი  „ქალბატონი ჯინა“ ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც მათ ენაზე ლაპარაკობდა და მათთან ერთად აპირებდა საქმის კეთებას.

გუნდის 80 პროცენტი ადგილობრივი იყო, იყვნენ ოჯახებიც სრული შემადგენლობით. მოგეხსენებათ, კახეთში ღვინის სმა როგორ უყვართ და პირველი შოკი მივიღე, როცა ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი ვერაფრით ხვდებოდა, ნასვამ მდგომარეობაში რატომ არ შეიძლებოდა მუშაობა, მიმტკიცებდა, რომ იმ საქმეს, რაც ევალებოდა, ნასვამი უკეთ აკეთებდა.

ყოველ დილით ყველა თანამშრომელს ალკოტესტის გაკეთება რომ მოვთხოვე, დარწმუნებული ვარ, გიჟად ჩამთვალეს. როცა ალკოტესტის შედეგების მიხედვით, რამდენიმეს სამსახური დავატოვებინე, მიხვდნენ, რომ არც ისე სახუმაროდ ჰქონდათ საქმე, ვიდრე ეგონათ. ამის შემდეგ, ჩვენ ერთად წლები ვიმუშავეთ, ერთად ავაწყვეთ სასტუმროც, სასტუმროს ახალი სტანდარტებიც და კორპორატიული კულტურაც.

როცა მათთან დამშვიდობების გადაწყვეტილება მივიღე, ურთიერთობა „ქალბატონო ჯინა, ამერიკული საათივით ააწყვეთ ჩვენი სასტუმრო და ახლა გვტოვებო?!“- თი დავასრულეთ.

იმედი, თუ დამიკარგავს

იმედი ძალიან ზოგადი და აბსტრაქტულია. იმედის დაკარგვა დასასრულია. მგონია, რომ იმედს ადამიანი სიკვდილის ზღვარზეც არ კარგავს. თავდაჯერებულობა დამიკარგავს ბევრჯერ, რამდენჯერმე გაქცევაც მინდოდა უკან, საიდანაც ჩამოვედი, სადაც მორგებული ვიყავი ყველას და ყველაფერს.

რთულია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თუმცა ამის გარეშე ვერ განვითარდები, წინ ვერ წახვალ და მუდმივად შენი კომფორტის ზონის საფეხურზე დარჩები. 

როგორ შევძელი დაბრკოლებების გადალახვა

მთელი ჩემი ცხოვრება კორტზე გავატარე, მახოვს ტურნირების ფინალებში, როცა გგონია, რომ ამ ჩაწოდების შემდეგ დაეცემი, ძარღვებში სისხლი ისე გიჩქეფს, რომ სადაცაა გამოხეთქავს, კიდევ ერთი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვას ვეღარ შეძლებ, უნდა დანებდე, რაც არის არის!

და ამ დროს ირთვება ის უხილავი ენერგია, რომელიც შტორმივით გეტაკება, მოიცავს მთელს შენს სხეულს და გონებას და ახალი შემართებით გაწყებინებს ბრძოლას. კორტებზე გავლილი გამოცდილება ჩემთვის მაგალითია. არასდროს იცი, სად მთავრდება შენი შესაძლებლობის ზღვარი და თუ დანებდები, ვერც ვერასოდეს გაიგებ.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე

ნებისმიერი სირთულე დაძლევადია, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადი. მეტიც, დაბრკოლებები და სირთულეები უფრო გვაძლიერებს. მთავარია, შეძლო ემოციის მართვა ისე, რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიიღო. აცადე საკუთარ თავს, დაიბრუნოს რაციონალიზმი, რომელიც ყოველთვის გკარნახობს: სხვა გზა არ არის! უნდა გააგრძელო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

The Simpsons განახლდა და მაყურებლებს ორ ახალ სეზონს შესთავაზებს

Microsoft Mesh-ი ვირტუალური შეხვედრების მომავალია