in

თამარ ფოლადაშვილი – „სხვა გზა არ არის“

სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ.

პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს. თქვენი ისტორიები უნდა იყოს გამამხნევებელი, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უნდა ვიაროთ წინ, ვიშრომოთ და არ გავჩერდეთ, რადგან სხვა გზა არ არის, გარდა ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გამარჯვებისა!

დღევანდელი მთხრობელია თამარ ფოლადაშვილი, Red Bull საქართველოს მედიაკომუნიკაციების მენეჯერი.

სირთულეებსა და გამოცდილებაზე

„გამოცდილება არ ნიშნავს, რომ რამეს აღარ იზამ. გამოცდილება ისაა, რომ ზუსტად იცი, ამასაც გადაიტან“ – ეს ფრაზა რამდენიმე წელია, რაც ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნში „ზინკა ადამიანი“ ამოვიკითხე და მას მერე, როგორც კი სირთულეებს გადავაწყდები, თავს ვიმხნევებ.

სირთულეები ხშირად მქონია, მაგრამ არა ისეთი, როგორშიც ბოლო ერთი წელია, ვცხოვრობთ. ერთი შეხედვით, ეს არ ჰგავს სტანდარტულ კრიზისებს, როცა წინასწარ გაწერილი გაიდლაინი ან სწრაფი მოქმედება დუღილის ტემპერატურას აგდებს, არ ჰგავს არც სამსახურში მძიმე პერიოდს და ნერვების გამოცდას და არ ჰგავს სხვა იმ გამოცდილებას, რაც 30 წლის მანძილზე მიმიღია.

ეს უფრო კომპლექსური სირთულეა, როცა 1 კმ-ის რადიუსში, რომელიღაც კორპუსიდან, გამწარებული ადამიანის ყვირილი გესმის და მერე მომდევნო დღეებში, ის ადამიანი კი აღარ ყვირის, მაგრამ შენ მაინც გესმის, რომ სადღაც, არც ისე ახლოს, მაგრამ იძულებით დადუმებულ ქალაქში, ვიღაც ყვიროდა. იმ კაცს არაფერი უჭირდა. უბრალოდ, ყვიროდა და მეც, ამ ერთ წლის მანძილზე, ძალიან ბევრჯერ მომდომებია, საღამოს 9 საათის შემდეგ ხმამაღლა მეყვირა.

მერე მახსენდება, რომ ამასაც გადავიტან. მანამდე კი, თითქმის მდორე, შენელებული და დისტანციური წლისგან ბევრი რამ ვისწავლე და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა, მსგავსი სირთულე ისევ შემხვდეს ცხოვრებაში, ვიცი, ამ ერთ წელში მიღებული გამოცდილება სამომავლო კრიზისების დროს გამომადგება.

ყველაზე დიდი სირთულე, რაც პროფესიულად შემხვედრია, ისევ გამოცდილების არქონას უკავშირდება. ამ დროს არჩევანი და დანებების საშუალება არ მქონდა, არც იმაზე მიფიქრია, რამდენად დიდ გამოცდას ვაბარებდი. უბრალოდ ძალის მოკრება, შეკითხვების დასმა და გარისკვა მოვახერხე.

ახლაც მახსოვს, როგორ გამოვაცხადე 30-კაციან შეხვედრაზე, რომ ის თემა ჩემთვის ახალი იყო და ახლაც ვემადლიერები მათ, ვინც საკუთარი გამოცდილება დაუნანებლად გამიზიარა. ამიტომ, ასეთი ადამიანების გამო, არასდროს დამიკარგავს იმედი.

ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ „ჩემი გამოცდილებით, ეს ასე კეთდება“ და ასევე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენში ეჭვი შეეპარება და მისთვის საპირისპიროს დამტკიცება ერთი-ორად მოგიმატებს მოტივაციას.

ცოტა წარმატებაზეც

წარმატება ჩემთვის საკუთარი ცოდნის, ძალებისა და ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვაა. ამის შემდეგ მოდის სიმშვიდისა და კმაყოფილების შეგრძნება.

ამ სიტყვის სხვა განმარტებებს არ ვაღიარებ და არც წარმატების მარათონში ვერთვები. ამიტომ არასდროს ვადარებ სხვებს თავს, ვინც ჩემს ასაკში უფრო მეტი მოასწრეს.

რჩევა მათ, ვისაც სჭირდება

ცხოვრება ძალიან სწრაფია იმისთვის, რომ რაღაც არ გააკეთო ან რაღაც მხოლოდ იმიტომ გააკეთო, რომ სხვებიც ამას აკეთებენ. დანარჩენი, უკვე შენზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით

სეიშელის კუნძულები

სეიშელის კუნძულები ტურისტების მიღებას 25 მარტიდან შეძლებს