in

21-ე საუკუნის ამერიკელები, რომლებიც ტექნოლოგიებს არ აღიარებენ

21-ე საუკუნეში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არანაირ ტექნოლოგიას არ აღიარებენ. არ გეგონოთ, რომ აბორიგენებზე ან რომელიმე ტომზე მოგითხრობთ. გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც, ძირითადად, აშშ-ში ცხოვრობენ და ცივილურ ცხოვრებას მთლიანად არიან გამიჯნულები.

ამიშები რელიგიურ მოძრაობას წარმოადგენენ. განსაკუთრებით ბევრი ამიში პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ეს ჯგუფი ბევრი სხვადასხვა ნიშნით გამოირჩევა. მათ აქვთ უჩვეულო ჩაცმის სტილი, მარტივი ცხოვრების წესი, თუმცა განსაკუთრებით გასაოცარი ის ფაქტია, რომ არანაირ ტექნოლოგიას არ აღიარებენ. წარმოიდგინეთ, როცა დიდ ქალაქში ცხოვრობ და გადასაადგილებელ საშუალებად არა მანქანას, არამედ, მაგალითად, ეტლში შებმულ ცხენს იყენებ. ამერიკის ყველაზე ხალხმრავალ შტატებში დასახლებული სათვისტომო არც ელექტროენერგიას იყენებს. ის კი არა, ზოგიერთი სხვადასხვა რესურსის მოსაპოვებლად ტრადიციულ გზებს მიმართავს. მაგალითად, შესაძლოა,  ქარის წისქვილებსაც კი შეხვდეთ მათ საცხოვრებელ ეზოებში. ზოგიერთი კი, ჭრაქის შუქს იყენებს.

ალბათ უკვე არც ის გაგიკვირდებათ, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსაც არ იყენებენ. არც საჯარო სტრუქტურებში საქმდებიან და მათი ცხოვრების წესი, ძირითადად, საოჯახო მეურნეობასთან არის დაკავშირებული.

ყველაფერი 1693 წელს, შვეიცარიაში, ეკლესიური განხეთქილების ნიადაგზე დაიწყო, ჩამოყალიბდა ახალი სექტა, რომელსაც მისი დამაარსებლის პატივსაცემად ამიშური ეკლესია ეწოდა. მე-18 საუკუნის 20-იანი წლებიდან მათი დიდი ნაწილი აშშ-ში, პენსილვანიის შტატში დასახლდა და სხვადასხვა მიმდევრობა ჩამოაყალიბა.

ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, 250 ათასი ამიში ცხოვრობს. ისინი მკაცრად მისდევენ ბიბლიურ კანონებს, აქვთ პაციფისტური შეხედულებები. სხვათა შორის, მათ დასახლებებში კრიმინალის საკმაოდ დაბალი დონეა.

მიუხედავად უჩვეულო და მკაცრი ცხოვრების წესისა, ისინი ხალხმრავალ ადგილებს სრულებით არ ერიდებიან, პირიქით – მათი უმეტესობა ზუსტად ასეთ ადგილებში ცხოვრობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Netflix-ის ახალი ფუნქცია გადაუწყვეტელი მომხმარებლებისთვის

ფოტოგრაფ ბილი ბილიხოძის #ამბავი