in ,

საკუთარ სხეულთან გაუცხოება – კორონავირუსის ყველაზე უცნაური სიმპტომი

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოსა და საქართველოში ჯერ კიდევ იმატებს. ინფექციაგადატანილ პაციენტებს დაავადების 12 დღის გახსენებისას მთელი რიგი სიმპტომის ჩამოთვლა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ადამიანში ვირუსი გამოვლინების სხვადასხვაგვარ გზას პოულობს – ზოგს ყნოსვა ეკარგება, ზოგს გემოს შეგრძნება, ზოგს – ორივე ერთად, ზოგი ტემპერატურის მატებას განიცდის, გარკვეულ ნაწილს კი Covid-19 საერთოდ უსიმპტომოდ გადააქვს.

უცნაური სიმპტომი

თუმცა არის ერთ-ერთი შეგრძნება, რომელიც კოვიდს სხვა ვირუსებისგან მკვეთრად გამოარჩევს. აღნიშნული სიმპტომი საკუთარ თავთან გაუცხოება გახლავთ. პაციენტები მას საკმაოდ უცნაურ განცდას ადარებენ, თითქოს სხეულიდან გამოდიხარ და შენს თავს გვერდიდან უყურებ.

პაციენტების დღიურები

კორონას ყველაზე გამაოგნებელი სიმპტომი საკუთარ სხეულთან გაუცხოება აღმოჩნდა. ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. პირველი, რაც ვიფიქრე, ალბათ, სულის ამოსვლა ამას ჰგავს-მეთქი. გეგონება, გვერდიდან უყურებ შენს თავს. საკუთარ კანს ეხები და სუსტად გრძნობ, მაგრამ ეს გაუცხოება ისეთი მძაფრია, თითქოს მართლა გვერდიდან უყურებ. ვერც კი ვხვდები, ზუსტად როგორ უნდა გადმოვცე ეს შეგრძნება. თან რაღაცები გტკივა და დროის ძირითადი ნაწილი ვერც იგებ, კონკრეტულად, რა გტკივა – იმდენად ყრუ და შორეულია ეს სიგნალები, თითქოს ათასი კილომეტრითაა შენგან დაშორებული და ტვინი ეძებს, რომელი ორგანოა, თავი? თვალი? ფეხის ქუსლი? ვერ ხვდები და ამ მკითხაობით იღლები იქამდე, სანამ გამოხატულად არ აგტკივდება რამე. გამოხატული ტკივილი შვებაა – ხვდები მაინც რა გაწუხებს. გემოს და ყნოსვის შეგრძნება კი დამიბრუნდა ორ დღეში, მაგრამ ეს სხეულისგან გაუცხოება ჯერ კიდევ მოულოდნელად ჩნდება ხოლმე გარკვეული პერიოდულობით.

თათია კობიძე, 31 წლის

დღე 3 – პირველი ტემპერატურა 37.5. ენერგია ისევ არის. ოთახში 6 კილომეტრი ვიარე. დიარეა გაქრა. მადა დაკარგულია. უცნაური შეგრძნება მქონდა ღამით. საკუთარ სხეულს გარედან ვუყურებდი. რამდენჯერმე ავდექი კიდეც, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ არ მძინავს. რაღაც წამით რეალობა და ირეალური ამეზილა და ვერ ვადგენ, მძინავს თუ მღვიძავს. თვალები ღია მაქვს, მესენჯერში ვიღაც მწერს, პირიდან კი ამომდის ხვრინვა. შესაძლებელია ადამიანს არ ეძინოს და ხვრინავდეს? მთელი ღამე რაღაცები მელანდება. სიცხეს ვაბრალებ.

გურამ მეგრელიშვილი, 40 წლის

ახალი კორონავირუსის აღნიშნული სიმპტომის მიზეზების გასარკვევად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – გიორგი ღოღობერიძეს მივმართეთ:

დეპერსონალიზაცია – ეს არის მდგომარეობა, როდესაც პაციენტი თითქოს საკუთარი სხეულის მიღმა იმყოფება, საკუთარ სხეულს უყურებს თითქოს სარკის მეორე მხრიდან. ამ დროს სხეულს უუცხოვდები, თითქოს პირველად ხვდები მასში. შეგრძნებები ხდება უჩვეულო, თითქოს დაბუჟებას გრძნობ მთელ სხეულში – ეს არის დამახასიათებელი ნიშნები აღნიშნული შეგრძნებისა.
ზოგჯერ ამ ყველაფერს თან ახლავს დერეალიზაცია – პაციენტისთვის ნაცნობი გარემო იმ მომენტში შეიძლება იყოს ძალიან უცხო. თუ ეს ნიშნები გრძელდება დიდხანს, მაშინ საქმე გვაქვს უკვე დაავადებასთან, ხოლო თუ მხოლოდ რამდენიმე დღე აღგვენიშნება მსგავსი შეგრძნებები, ეს მხოლოდ და მხოლოდ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ეს ყველაფერი, როგორც წესი, სტრესის შედეგია – ადამიანი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მორალურად, ეკონომიკურად, ფიზიკურად ან სულიერად… კოვიდის დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს აქვს აღნიშნული პრობლემები. შესაძლოა, ეს არ იყოს გააზრებული, თუმცა ადამიანი ქვეცნობიერად მაინც განიცდიდეს სტრესულ მდგომარეობას. თუმცა ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს. აღნიშნული სიმპტომი სხვა სიმპტომებთან ერთად რამდენიმე დღეში თავისით დაგვტოვებს, ხოლო თუკი მაინც გაგვიგრძელდა, უმჯობესია, მივმართოთ ექიმს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
თბილისის მერია

ისწავლე და დასაქმდი – თბილისის მერიის უფასო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

მეცნიერები „ჯადოსნურ ხალიჩას“ ქმნიან – უახლესი სამეცნიერო მიღწევები