„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ.
პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
დღევანდელი მთხრობელი „ნაირნაირისა“ და „სუშიას“ დამაარსებელი გიორგი ხერგიანია. ის იმ მრავალფეროვან გამოცდილებაზე გვიყვება, რომელიც ხშირად ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს ხოლმე, თუმცა როგორც გიორგი ამბობს: – „ზოგჯერ თავდაყირა უფრო ასწორებს“.
გიორგი ხერგიანი: პირველი რთული გამოცდილება, 90-იანებში დაბადებას და გაზრდას თუ არ ჩავთვლით, ალბათ პროფესიის არჩევა იყო. 2007-ში მოვრჩი სკოლას და რა თქმა უნდა, ეგრევე უნივერსიტეტში ამოვყავი თავი, ეკონომიკურზე. მაშინ საკითხი ეგრე იდგა, ან იურიდიული, ან ეკონომიკური. მე რახან ვეკუა დავამთავრე, ამ ორიდან, მეორე მხვდა წილად.
ძალიან ზერელე წარმოდგენა მქონდა ამ ფაკულტეტზეც და აზრზე არ ვიყავი, რას ვისწავლიდი, მაგრამ სულ რაღაც ოთხიოდე წელი მოვუნდი გარკვევას. დღემდე ვთვლი, რომ 16-17 წელი ძალიან პატარა ასაკია, იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მერე მთელ შენს ცხოვრებას განსაზღვრავს, მაგრამ სანამ დიპლომების ქვეყანა ვართ, ესე გზადაგზა მოგვიწევს იმპროვიზაცია. ყველაზე კომიკურად მაინც ის მახსენდება, რომ CSB-ში გაგანია ეკონომიკურზე სწავლისას, ერთადერთი საგანი, რომელიც რეალურად მომწონდა – ფილოსოფია იყო…
მესამე კურსზე მაგრად მივქარე და აუდიტი ავირჩიე ვიწრო სპეციალობად. მარკეტინგი მინდოდა თავიდანვე, მაგრამ რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა. მეგონა, პრაგმატულ გადაწყვეტილებას ვიღებდი… ესე უცნაურად აღმოვჩნდი იმ ამბავში, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, საერთოდ არ მაინტერესებდა.
როცა მივხვდი, რო სხვა გზა არ იყო, დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა, თუმცა მარკეტინგის ვაკანსიებზე ჩემს რეზიუმეს დიდად არ წყალობდნენ. გამოცდილება, რომელზეც ასე ხურდებიან კომპანიები, საერთოდ არ გამაჩნდა. თითქოს ჩაკეტილი წრე იყო და ვერასდროს დავაღწევდი თავს ამ ხაიას…
მართლა ვერაფერს რომ ვერ გავხდი, გადავწყვიტე თავისუფალი უნივერსიტეტის CMM კურსი მაინც გამევლო. ამ პერიოდში უკვე ძალიან მიზიდავდა სარეკლამო სფერო და იდეალურ ვარიანტში კრეატიულ სააგენტოში მინდოდა მუშაობა. კურსის გავლის შემდეგ, ორმა ლექტორმა შემომთავაზა სამსახური და საბოლოოდ, საგადასახადო აუდიტორი changed it’s name to Copywriter at Holmes&Watson.
მიუხედავად იმისა, რომ „ჰომსებამდე“ ბევრჯერ „გავფეილდი“ სამსახურის ძებნისას, საერთოდ არ ვნანობ, რადგან ძალიან სწორ დროს აღმოვჩნდი იდეალურ ადგილას. იმის ასახსნელად თუ რამხელა ცოდნა და გამოცდილება მივიღე ამ სააგენტოში, ისიც კმარა, რომ წამოსვლის პოსტი ვერ დავწერე. რადგან შენ შეიძლება წახვიდე სააგენტოდან, მაგრამ არა პირიქით, თუ როგორც არის. ))
„ჰომსებიდან“ წამოსვლის შემდეგ, მე და მეგობარმა შევქმენით „ნაირნაირი“. 2019-ში, ჩვენ და Holmes & Watson-მა საერთო ჯილდოც კი ავიღეთ „ნაირნაირის“ შეფუთვით, რომელმაც ვერცხლის პრიზი მოიპოვა ფექიჯინგის კატეგორიაში – Ad Black Sea-ზე.
2021-ში კიდევ ერთი ოცნება ავიხდინე და ჭამის ბიზნესში გავყავი თავი. სუში ბარი „სუშია“ გავხსენით თავისუფლებაზე, დადიანის 20 ნომერში და თუ ოდესმე მოგშივდებათ, აუცილებლად წაგვაგემოვნეთ. ^^
ერთი შეხედვით, მთელი ეს ისტორიაც რეკლამას ჰგავს, ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტებით… მაგრამ როგორც ყველა რეკლამის უკან, უამრავი შრომა, არასწორი ნაბიჯი, მილიონს + ერთი ცდა და ბევრი მძიმე გამოცდილებაა, რომელიც თავდაყირა აყენებს ხოლმე ცხოვრებას. ეს ყველაფერი კი სჯობს საკუთარ თავზე გამოსცადო, რადგან ზოგჯერ თავდაყირა უფრო ასწორებს.
Loading…