in

თამარ ბადაშვილი – „სხვა გზა არ არის“

კარიერის რაც უფრო ზედა საფეხურზე ადიხარ, მით მეტი დაბრკოლება გხვდება და ჩემთვის მით უფრო საინტერესო ხდება სამუშაო პროცესიც

სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

დღევანდელი მთხრობელი თამარ ბადაშვილია (CMO gambling and sports betting industry). მიიჩნევს, რომ კარიერის რაც უფრო ზედა საფეხურზე ადიხარ, მით მეტი დაბრკოლება გხვდება და სამუშაო პროცესიც უფრო საინტერესო ხდება.

გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს

დავიწყებ იმით, რომ თუკი სწორი მიზანი გაქვს დასახული, გადაულახავი დაბრკოლება, როგორც წესი, არ არსებობს.  ჩემი დაკვირვებით, კარიერის რაც უფრო ზედა საფეხურზე ადიხარ, მით მეტი დაბრკოლება გხვდება და ჩემთვის მით უფრო საინტერესო ხდება სამუშაო პროცესიც. ეს უკანასკნელი, ალბათ, უფრო იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გიყვარს საკუთარი საქმე. 

სიყვარულში ვგულისხმობ საქმისადმი დამოკიდებულებას, როცა დილით იღვიძებ და ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ ოფისში, შეამოწმებ დიდი მიზნისთვის განსახორციელებელი პატარა დავალებების სტატუსებს, გადახედავ შედეგებს, ცუდი შედეგების შემთხვევაში, კიდევ უფრო დაიმუხტები, რომ მალე იპოვო გამოსავალი და შეცვალო უკეთესობისკენ, ან კარგი შედეგების შემთხვევაში, ამაყად მოიმარჯვებ კლავიატურას და გაუზიარებ შენს გუნდს ამ შედეგებს.

ახალი გამოწვევები

დაბრკოლებებს რომ დავუბრუნდე, ბოლოდან დავიწყებ. უკვე ექვსი თვეა, რაც უკრაინაში გადმოვინაცვლე და აქ ვაგრძელებ ჩემს კარიერას. რამდენი დაბრკოლება მქონდა? ვერც კი დავითვლი… მაგრამ მოდით, ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფ – პროფესიონალიზმის დამტკიცების ეტაპი და ამ ნაწილზე უფრო დეტალურად მოგიყვებით. 

არც კი ველოდი, იმდენად დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა ჩემთვის იმის გააზრება, რომ საქართველოში „ბადად“ დამკვირდებულს და უკვე რაღაც ეტაპზე ასულს, სტატუსის მქონეს, მომიწევდა საკუთარი ბრენდის ნულიდან შენება.

ეს ნიშნავდა იმას, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც იდეა გამიჩნდებოდა, ან რაიმეს მოთხოვნა მომინდებოდა, დიდი მომზადების ეტაპი უნდა გამევლო, მომეპოვებინა ყველა არგუმენტი და მხოლოდ შემდეგ გავსულიყავი კოლეგებთან სასაუბროდ და დამემტკიცებინა, რომ კარგ ინიციატივას წარვადგენ და ამ ინიციატივის განხორციელებაც აუცილებლად შემიძლია.

რეალობაში ასეც მოხდა, ყოველ ჯერზე, პირველი 2-3 თვის განმავლობაში, ძირითადად ზუსტად ამით ვიყავი დაკავებული და, ჩემდა საბედნიეროდ, ამ ეტაპზე არც თუ ისე დიდი დრო წაიღო. ეს „დაბრკოლებაც“ წარმატებით გადავლახე. 

რა დავასკვენი?

იმისათვის, რომ მაღალი საფეხურიდან დაიწყო საქმის მართვა, პირველ რიგში, შენს კოლეგებს შენივე გაკეთებული საქმით უნდა დაანახო, რომ პროფესიონალი ხარ. ამის შემდეგ ყველა შენს არგუმენტსა თუ უბრალოდ იდეას ბევრად მეტი ყურადღებით მოისმენენ და უფრო მეტიც, თვითონვე იქნებიან შენს საქმეში ჩართვისა და დახმარების ინიციატორები.

მეორე მხრიდანაც შევხედოთ. კიდევ ერთი, რაღაც კუთხით ცოტა უცნაური დაბრკოლება მახსენდება, რაც ასევე ჩემს პროფესიულ გამოცდილებას უკავშირდება.

დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან გიწევს მუშაობა, ვის უზიარებ შენს ინიციატივებსა თუ უბრალოდ საქმიან წინადადებებს. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ თუკი შენს ხელმძღვანელს პროფესიონალად აღიარებ, საქმეც და სამუშაო პროცესიც უფრო საინტერესო ხდება. თუკი მისი პროფესიონალიზმი შენსას ჩამოუვარდება, ეს უკვე დაბრკოლებაა და არც თუ ისე მარტივი გადასალახი დაბრკოლება. 

დაბრკოლებაში კი იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი ახალი წამოწყების დროს აუცილებელია, მოისმინო შენზე მეტად გამოცდილისა და პროფესიონალის აზრი, იმისათვის, რომ შენივე იდეა გააკრიტიკოს ან მიგითითოს ყველაზე დიდ პლიუსებზე.

ასეთი ადამიანები, როგორც წესი, უფრო ზედა საფეხურზე იმყოფებიან ხოლმე. თუკი მსგავსი ადამიანი არ გყავს, შესაბამისად, შენი იდეები გაუკრიტიკებელი რჩება შენთვის გარკვეული წონის მქონე ადამიანისგან და, შესაბამისად, მეტი შანსია, დაუშვა შეცდომა.

„დაბრკოლებების გარეშე წარმატებას, ალბათ, ვერც მიაღწევ. მთავარია, დაბრკოლება დაბრკოლებად აღიქვა და არ შეუშინდე მისი გადალახვის გამოწვევას“

დამწყებ პროფესიონალებს ვურჩევდი, ბევრი ისწავლონ, ბევრი პროფესიული ლიტერატურა იკითხონ იმისათვის, რომ საკუთარ შეკითხვებზე თვითონვე შეეძლოთ პასუხების გაცემა და გამოიყენონ ეს ცოდნა იარაღად იმისათვის, რომ მეტი თავდაჯერებულობით აკეთონ საყვარელი საქმე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სიმპათიური მამაკაცი საავადმყოფოდან – სინამდვილეში, ნამცხვარია

ქართული რეკლამები, რომელთა ნახვაც ბავშვობის ნოსტალგიას გაგიღვიძებს – ნაწილი I