in ,

აჩო სვანიძე – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ.

პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

დღევანდელი მთხრობელია აჩო სვანიძე Digital Bus Academy-ისა და GrowthHunter-ის დამფუძნებელი, ანტრეპრენერი.

სირთულეები

წარმატება ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოვიდა. ხშირად უკითხავთ, როგორ აღმოვჩნდი ამ სფეროში და 17 წლის ასაკში, რამ გადამაწყვეტინა, დავინტერესებულიყავი დიჯიტალით, რომელიც რეალურად, იმ პერიოდში საერთოდ არ იყო ჩვენს ქვეყანაში პოპულარული.

სკოლა დავამთავრე და ბანალურად, როგორც იმ დროს ყველა, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და ზუსტად მანდ მივხვდი, რომ ვსწავლობდი იმას, რაც არ მაინტერესებდა.

ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც რეალურად, შეიძლება, პირველ დაბრკოლებად ჩაითვალოს, შევეშვი იმის კეთებას, რაც ჩემგან ძალიან შორს იყო და მთელი ჩემი ენერგია, დრო და ყველანაირი რესურსი ჩავდე იმაში, რასაც დღემდე ძალიან დიდი სიხარულითა და სიამოვნებით ვაკეთებ.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატების მიღწევის რეცეპტი არ არსებობს, მისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ნამდვილად არის აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს და გაინტერესებს.

იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, იყო ძალიან ბევრი რთული მომენტი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დაბრკოლებებზე ბევრს ვფიქრობ, ვერც იმას ვიტყვი, რომ რამის მოლოდინში ვიყავი, ან ჩემს თავზე დიდ იმედებს ვამყარებდი, არც ჩემს კომპანიაზე მიოცნებია, არც იმაზე მიფიქრია ბევრი, რომ მეყოლებოდა ჩემი გუნდი და ამ ხალხთან ერთად გავაკეთებდი ჩემს საქმეს. 

უბრალოდ ვმუშაობდი და ეს ყველაფერი შრომასთან ერთად მოდიოდა. ამით იმის თქმა მინდა რომ, შრომის გარეშე არაფერი მოდის და როცა იმედების გამართლების მოლოდინში არ ხარ, იმედის დაკარგვაც არ გემუქრება. ასე უფრო მარტივია ცხოვრებაც და წარმატების მიღწევაც.

„არასდროს იყო რაიმე დიდის მოლოდინში, რაიმეს იმედად, უბრალოდ იმუშავე და ყოველდღიური პატარ-პატარა წარმატებებითაც იყავი ბედნიერი.

დაბრკოლებების გადალახვა

როცა აკეთებ იმას, რაც ბოლომდე შენია, გესმის, იცი, თავდაჯერებული ხარ, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა უკვე მარტივი გეჩვენება, შესაბამისად, სირთულეების არ გეშინია, არ უფრთხი, პირიქით, მოტივირებული ხარ, გაუმკლავდე მათ. 

სხვათაშორის, საკმაოდ აზარტულია, რწმენა გემატება შენი თავის და შესაბამისად, იზრდები, როგორც პიროვნულად – ისე პროფესიული თვალსაზრისით.

შეიძლება, იმდენად დიდი იყოს დაბრკოლება, დაეცე, მაგრამ მთვარია, როგორ წამოდგები და რას გასწავლის დაცემა. ამიტომ იმუშავეთ თქვენს თავებზე, იყავით თავდაჯერებულები და წინააღმდეგობებისაც აღარ შეგეშინდებათ.

პანდემიის პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვისაც, ისევე როგორც ყველასთვის. ბევრი რამის შეცვლა და თავიდან დაწყება მოგვიწია. სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა ჩვენი დიჯიტალ აკადემიის გახსნა, სასწავლო ფართი ნაქირავები, ინვენტარი ნაყიდი და უცებ ყველაფერი ჩაიკეტა, შეკრებები აიკრძალა.

საკმაოდ დავზარალდი ფინანსურად, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია უკან დახევა, მაინც დავიწყეთ მოსწავლეების მიღება, და ჩვენც მოვერგეთ პანდემიის პერიოდს. დღეს უკვე შეგვიძლია, 330 კურსდამთავრებულითა და ჩვენ მიერ დასაქმებული 33 ადამიანით ვიამაყოთ. 

რა არის მთავარი, წარმატების მისაღწევად

მთავარი ყოველთვის არის მიზანი, რისკენ მიდიხარ, რისთვის შრომობ, რისთვის ცდილობ დაბრკოლებების გადალახვას. თუ არ არსებობს მიზანი, შესაბამისად, ამ ყველაფერზე ენერგიის დახარჯვაც უაზრობაა.

როგორც უკვე ვთქვი, სამწუხაროდ, არ არსებობს რეცეპტი, როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, მაგრამ მიზნის დასახვა დარწმუნებული ვარ, ნახევარი გაკეთებული საქმეა ამ გრძელ და ზოგჯერ საკმაოდ რთულ გზაზე.

ჩემ შემთხვევაში, ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჩემი ღირებულებები, რომლებსაც არასდროს ვღალატობდი, რადგან მჯეროდა, რომ სწორედ ისინი მიმიძღვებოდნენ სასიამოვნო და მოულოდნელ წარმატებებამდე.

რომ შევაჯამოთ, მიზნის დასახვა, შრომა, მოლოდინებისგან შორს ყოფნა, ღირებულებებით მუშაობა და იმის კეთება, რაც გიყვარს, უნდა იყოს წარმატების გარანტი. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი გუნდი ამით ვხელმძღვანელობთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კოსმოსური ქარიშხალი – რით განსხვავდება ეს მოვლენა დედამიწის სტიქიისგან

COVID-19, შესაძლოა, გულის უჯრედებს ანადგურებდეს – კვლევა