in

კესო მთავრიშვილი – „სხვა გზა არ არის“

„Სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია კესო მთავრიშვილი, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი, ალბათ, უკვე იცნობს. კესომ ფეისბუქის მომხმარებლებს თავი დაამახსოვრა თავისი ბლოგით (keso’s Blog – American Life), რომელიც ამერიკაში ცხოვრების მეორე წელს გააკეთა. ვლოგებში კესო ბევრს საუბრობს იმ რთულ გზაზე, რომლის გავლაც აშშ-ში ცხოვრების პირველ წელს მოუწია. Venue.-სთან კესო გულწრფელად საუბრობს თავის ემოციებზე, გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლებიც გადალახა.

მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ პატარა დეტალებში ბედნიერების პოვნა და ყველა არშემდგარი გეგმიდან გაკვეთილის სწავლა

აქტიური ადამიანი ვარ და ბავშვობიდან მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ავისრულე ნანატრი ოცნება და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავაბარე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც დავეუფლე ჟურნალისტის პროფესიას. მალევე დავიწყე სტაჟირებები და არაერთ მედიასაშუალებაში ვიმუშავე სტაჟიორ ჟურნალისტად. ჯამში ჩემი გამოცდილება ხუთ წელს ითვლის.

მიმუშავია გაზეთში, რადიოში, ტელევიზიასა და ონლაინ გამოცემაში. თავდაპირველად, ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო პროფესიულად გავზრდილიყავი და შემდეგ კარგი სამსახურიც და ხელფასიც თავისთავად მოვიდოდა დროსთან ერთად. ოპტიმისტი ადამიანი ვარ და იმედს არასდროს ვკარგავ, ამიტომ ყოველთვის მჯეროდა, რომ დამოუკიდებელი და წარმატებული გოგო უნდა ვყოფილიყავი. 

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, კვლავ თსუ-ში ჩავაბარე. ამჯერად უკვე მედიის კვლევებზე და გავხდი მაგისტრატურის სტუდენტი ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში, თუმცა სამსახური ისევ არ მქონდა. იმ დროს უკვე გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა და უძრაობის პერიოდი წარსულში დამეტოვებინა. 

ვხვდებოდი, რომ იმ მასშტაბის გასაქანი არ მქონდა, რაც ჩემთვის იყო საჭირო, არც სამსახური ჩანდა და ოცნებებიც ნელ-ნელა თავზე მენგრეოდა. მჯერა, რომ უმიზეზოდ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება. სულ ვამბობ, ჩემი ხელფასი რომ მქონოდა, თუნდაც სულ მცირე, 200 ლარი, არასოდეს ვიფიქრებდი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებაზე. სწორედ უპერსპექტივობამ და უსამსახურობამ გადამაწყვეტინა, წამოვსულიყავი ამერიკაᲨი და ერთ ღამეში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 

იმ დღიდან რამდენიმე თვეში, უკვე ხელში მეჭირა ამერიკის ვიზა და ოკეანის გადმოსაფრენად და ჩემი ამერიკული ოცნების ასახდენად ვემზადებოდი. შტატებში ჩამოსვლის პირველი წელი განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის, რადგან ვიყავი ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს. გავხდი უფრო ნოსტალგიური, სენსიტიური და ხშირად ვტიროდი კიდეც, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდმა კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა და დღეს თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომელიც უკვე გავიარე და რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ წინ არის, ვარ დამოუკიდებელი, შემდგარი და ბედნიერი ადამიანი, რომელსაც დღეს სამშობლოსთვის, ოჯახისა და საკუთარი თავისთვის იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. 

დაბრკოლებების გადალახვაში ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემი ოპტიმისტური ხასიათი დამეხმარა, რადგან მგონია, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს და არასოდეს უნდა დავნებდეთ.

თუ რამე ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, ეს იმიტომ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო კარგ და ლამაზ მომავალს გვპირდება სანაცვლოდ. 

მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ პატარა დეტალებში ბედნიერების პოვნა და ყველა არშემდგარი გეგმიდან გაკვეთილის სწავლა. თუ ამას შევძლებთ, მივხვდებით, რომ ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, ცხოვრება კი, ძალიან, ძალიან მშვენიერია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ უნდა შეწყვიტოთ გასაუბრებისას სახელფასო ისტორიის შესახებ შეკითხვების დასმა

Sous le Ciel de Paris – ანი ბალასანიას #ამბავი