in

მიხეილ ჭაბუკაშვილი – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ქართულენოვანი ვიკიპედიის ადმინისტრატორი და ბიუროკრატი მიხეილ ჭაბუკაშვილი. მას ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარებაში, თუმცა ბევრმა ადამიანმა მიშას შესახებ, ალბათ, არ იცის, რადგან ის საქმეს ყოველთვის უხმაუროდ, ზედმეტი საჯაროობის გარეშე აკეთებს და საკუთარ თავზე საუბარიც არ უყვარს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახლოს გაგაცნოთ და გიამბოთ ამ ადამიანის შესახებ.

ბევრს აღარ გავაგრძელებთ და გთავაზობთ მიხეილ ჭაბუკაშვილის ძალიან ემოციურ ინტერვიუს იმ გზის შესახებ, რომელიც ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარების პროცესში გაიარა.

დღეს ვიკიპედიას ყველა იყენებს. შეიძლება, არ აღიარონ, მაგრამ მაინც ასეა. ინფორმაციულ ეპოქაში ყველა გზას პირველად სწორედ ვიკიპედიასთან მიყავხართ. ოდესმე გიფიქრიათ, ვინ დაწერა, ვინ თარგმნა ან განათავსა ის სტატია, რომელიც ხშირად ასე ძალიან გამოგდგომიათ? ალბათ, არა და ამას ვერც ვერასოდეს გაიგებთ. სწორედ ეს მხიბლავს ვიკიპედიაში.

მუშაობ უჩუმრად, შენთვის, იმ საკითხზე, რომელიც გაინტერესებს ან რომელიც კარგად იცი. ამ დროს წარმოუდგენლად იღრმავებ ცოდნას, მაგრამ პარალელურად, ეხმარები ბევრ ადამიანს, თანაც ისე, რომ ალბათ, ვერც აცნობიერებ.

შენი შექმნილი სტატია იქ წლობით დარჩება, თაობებს გამოადგება. მერე მოვა სხვა, შენს ნაწვალებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, განაახლებს, დახვეწს. ასე მუშაობს ვიკიპედია.

ჩემთვის ვიკიპედიის უმთავრესი ხიბლი მაინც მისი მოხალისეობრივი პრინციპია. რამდენიც არ უნდა წერო, არაფერს, ერთ თეთრსაც კი არასდროს არავინ გიხდის. მიმაჩნია, რომ მოხალისეობრივი შრომა წარმატებული, შეგნებული საზოგადოების ქვაკუთხედია.

დუხჭირ სტუდენტს ნაქირავებ ბინაში ზამთრის ბევრი ღამე მითენებია ვიკიპედიასთან ერთად, სრულ სიცივეში. ვწერდი და ვისთვის? კონკრეტულად არავისთვის, მინდოდა და ვწერდი.

ამ დროს ვერც ხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ. შემდეგ უკვე აცნობიერებ, რომ შენს ამ ნაწვალებს, ამ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და თურმე, ძალიან ბევრ ადამიანს ადგება, ცხოვრებას უმარტივებს. გიხარია, ისე გიხარია, რომ ლამის ფრთები შეისხა; მოდის უფრო მეტი მოტივაცია.

ვიკიპედიის ამ აბლაბუდაში 2010 წლის იანვარში, ერთ ცივ, ქარიან დღეს მოვხვდი და ჩავრჩი, თავს ვეღარ ვაღწევ.

ალბათ, ცხოვრების ბოლომდე დავრჩები, სხვა გზა ნამდვილად არ არის! დიახ, იქ თუ ერთხელ მოხვდი, ვეღარ გამოხვალ, მოიწამლები მოხალისეობით, ინფორმაციის დაგროვებით, გაცემით.

ვიკიპედია ყოველთვის გიხმობს, სადაც არ უნდა იყო, სადაც კი კომპიუტერი ან სმარტფონია — სამსახურში, ავტობუსში, ქუჩაში. გრძნობ ვალდებულებას, რომ არაფერი გაგეპაროს, რაიმე შეცდომით არ მიაწოდო მკითხველს. პარალელურად, ცდილობ, სხვებიც დაასნებოვნო ვიკიპედიით, ჩართო, ასწავლო და ხშირად ეს გამოგდის. ამ დროს კიდევ უფრო მეტად გიხარია.

ამ ყველაფერზე ხელის აღებაზე ნამდვილად მიფიქრია, მაგრამ არა, შემდეგ ჩემი თავის შემრცხვენია, ჩემთან ერთად გამოზრდილ პროექტს შუა გზაზე ხომ ვერ მივატოვებდი? რა თქმა უნდა, არა! იქ უნდა იყო, მოუარო, გაამდიდრო, დახვეწო, თუ ეს პასუხისმგებლობა ერთხელ აიღე, ბოლომდე უნდა იტვირთო, სხვა გზა მართლა არ არის!

მიმაჩნია, რომ ვიკიპედიამ მე ყველაფერი მასწავლა, ჩამომაყალიბა პიროვნებად, მაქცია იმად, რაც ვარ. იმოქმედა ჩემს ხასიათზე, ცხოვრების აბსოლუტურად ყველა დეტალზე — ყოველმხრივ დადებითად.

მე ერთ-ერთი ვარ ცოდნის შემგროვებელთაგან. ასე ვეძახით ვიკიპედიელები საკუთარ თავს. ჩვენი მიზანია, ენციკლოპედიური ინფორმაციის ოკეანიდან თუნდაც ერთი წვეთი მაინც მივაწოდოთ ქართულენოვან მკითხველს მშობლიურ ენაზე.

რას გირჩევთ? შემოგვიერთდით, ახლავე, დაუყოვნებლივ. არც თქვენ წააგებთ და არც ქართული საზოგადოება. მჯერა, რომ ვიკიპედია ნამდვილად ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოს ახალი, განათლებული საზოგადოების ფორმირება საქართველოში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი Lola`s sweets – ლოლას ტკბილი სამზარეულო

ტურიზმის ორგანიზაცია – სივრცე თქვენი განათლებისთვის