in

თეკო მამალაძე – „სხვა გზა არ არის“

მამაცი ის კი არ არის ვისაც არ ეშინია, არამედ ის ვინც შიშის მიუხედავად მოქმედებს, ამას კი დიდი მოტივაცია სჭირდება!

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

ჩვენი დღევანდელი მთხრობელი არტ დირექტორი თეკო მამალაძეა. ის იმ შიშებზე მოგვითხრობს, რომელიც ხშირად ჩვენზე ძლიერია, მაგრამ მათი დამარცხების შემთხვევაში, ჩვენ ახალ ძალას ვპოულობთ და დღითიდღე ვძლიერდებით. ეს არის ამბავი იმ წყურვილის დაკმაყოფილებაზე, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს გავჩერდეთ. ხოდა, არ გაჩერდეთ, წაიკითხეთ თეკოს ამბავი და იპოვეთ ძალა – თქვენივე შიშების დასამარცხებლად. 

თეკო მამალაძე: ბავშვობაში სიბნელის მეშინოდა, მაგრამ ღამე ხშირად წყურვილი მაღვიძებდა ხოლმე, რის დასაკმაყოფილებლადაც საჭირო იყო სიბნელეში რამდენიმე ოთახის მანძილზე ჩაბუდებული მონსტრების მოგერიება, წყლის აკანკალებული ხელით ზალპით დალევა და უკან უსაფრთხოდ დაბრუნება. ამიტომ, როდესაც მეღვიძებოდა კარგად ვაკვირდებოდი, იმ მომენტში უფრო მეშინოდა თუ უფრო მწყუროდა და ამის მიხედვით ვაკეთებდი არჩევანს. შედეგად კი ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მეორე. 

თეკო მამალაძის ბავშვობის ფოტო

მას მერე გავიზარდე და ჩემი შიშის წყარო მუდმივად იცვლებოდა, ვითარდებოდა, ყოველი ახალი შიში მუტაციას განიცდიდა და წინა შიშზე რაღაც მანქანებით უფრო მეტად ძლიერდებოდა, გველეშაპივით იყო, ერთ თავს რომ მოაჭრიდი, სამი ამოსდიოდა. შესაბამისად მიწევდა ჩემი უფრო ძლიერი სურვილები გამომეყვანა რინგზე და მათთვის დამეპირისპირებინა.

​დიდ შიშებს მხოლოდ დიდი მიზნებით შეგიძლია დაუდგე წინ, რადგან მამაცი ის კი არ არის ვისაც არ ეშინია, არამედ ის ვინც შიშის მიუხედავად მოქმედებს, ამას კი დიდი მოტივაცია სჭირდება! ყველაფერს მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხი აქვს, ან გეშინია ან გწყურია, კითხვა კი მხოლოდ ისაა – თუ რომელია მეტი. 

მე მეშინოდა როდესაც მეგონა ვერასოდეს მივაგნებდი ჩემთვის საყვარელ პროფესიას, მაგრამ წყურვილი მეტი იყო.

მეშინოდა როდესაც მივაგენი და ამის გამო უკვე აწყობილი პროფესია დავშალე, რომ ნულიდან დამეწყო ყველაფერი, მაგრამ წყურვილი მეტი იყო.

მეშინოდა როდესაც ნულიდან დასაწყებად სამშობლო დავტოვე და მარტო გავეშურე დედამიწის მოსავლელად, მაგრამ წყურვილი მეტი იყო.

მეშინოდა როდესაც მთელი მსოფლიოსთვის უნდა დამემტკიცებინა ჩემი კრეატიული შესაძლებლობები, მაგრამ წყურვილი მაინც მეტი იყო.

და მეშინოდა მაშინაც კი, როდესაც ამ ყველაფერს წარმატებით ვასრულებდი!

სიბნელის კი დღემდე მეშინია და წყურვილიც ისევ მაღვიძებს ხოლმე… თუმცა ახლა ყოველთვის წყურვილი იმარჯვებს. : )

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

თუ ძილის წინ ფილმების ყურება გიყვარს, Netflix-ს შენთვის ახალი ფუნქცია აქვს

როგორ მოვიწყოთ ჩვენს სახლში „ჭკვიანი სახლის“ კომფორტი