in ,

თეა პერტაია – „სხვა გზა არ არის“


„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

რუბრიკის დღევანდელი მთხრობელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თეა პერტაიაა. მისი სახელი ბევრ მნიშვნელოვან პროექტთან ასოცირდება, წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. გამოირჩევა კრეატიულობით და საინტერესო ხედვით, მიაჩნია რომ სწავლა არასდროს უნდა შეწყვიტო და ცხოვრების ახლიდან დაწყება ყოველთვის შეიძლება. 

ის განსაკუთრებული გულწრფელობით გამოირჩევა, რაც მის ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასე რომ, წინ ნამდვილად შთამაგონებელი ისტორია გელოდებათ. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.


თეა პერტაია: დღეს გიორგიმ მომწერა და მთხოვა, Venue-ს რუბრიკისთვის „სხვა გზა არ არის“ გამოცდილება გამეზიარებინა…. და სწორედ დღეს სამსახურში დამრჩა კომპიუტერის სათვალე. მხედველობა რომ არ დამეზიანებინა, გადავწყვიტე, სხვა გზა ამერჩია – დავხუჭე თვალები, ჩავრთე გონება, მივუერთე გული და თითები და ასე, ინტუიციით, დავიწყე წერა… კლავიატურას ბრძანებას ხან გული აძლევს, ხან გონება, ხან – ორივე ერთად, თუმცა ვიზუალური მონიტორინგის სისტემა სრულიად გათიშულია. რთული ყოფილა, მაგრამ შესაძლებელი… 🙂 პირველი, რასაც ზემოხსენებული მარტივი ექსპერიმენტი მეუბნება, არის ის, რომ მაშინაც კი, როცა თვალის ჩინი გეკარგება, ჩნდება საცალფეხო, მაგრამ მნიშვნელოვანი ბილიკი,  რომლითაც შეგიძლია სათქმელი აღწერო, თავი გამოხატო და ეს უფრო ზუსტად, მკაფიოდ გააკეთო, ვიდრე თვალხილულმა – გრძნობების გავლით და ფიქრზე მეტი კონცენტრირებით…

ანუ,   სანამ ვსუნთქავთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს… და ეს გამოსავალი უნდა ვეძებოთ, უპირველესად, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში… ბანალურია. 🙂

ასეთი „ბრმა“, სხვადასხვა სიტუაციაში, ხშირად ვყოფილვარ და  სწორედ მაშინ, როცა მეგონა, აღარაფერი ჩანდა, ჩნდებოდა ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. ასეა – რომ გგონია, ვეღარ ხედავ, თვალი ვერაფერს აღიქვამს და იმედიც იწურება, მაშინ ჩნდება სულ სხვა ჰორიზონტი – თავისი კიბით და ბილიკით, რომელშიც შენს მომავალს პოულობ… 33 წლის შემდეგ, ყველაფერი ნულიდან დავიწყე და  გამომივიდა…

ზოგჯერ ისეც ხდება,  რომ „ყვავილებით მოჩითულ ათასფერად მინდორში იკარგება გოგონა ვარდისფერ კიმანოში” – ილუზიების მორევში ეფლობი და მაშინ, როცა გგონია, რომ ბევრსა და ფერადს ხედავ, რეალურად,  არც არაფერია… ზოგჯერ ასეც ხდება – თავს იტყუებ ან გატყუებენ… მერე ჩნდება ვინმე ან რამე, რომელიც „ნამდვილ თოკს“ გადმოგიდებს და  ნაპირისკენ გზას გიკაფავს…

თავიდან ეს შარა სხვისას ჰგავს, გავლენების ქვეშაა, ნელ-ნელა, განვითარების კვალდაკვალ, იხვეწება, ფერადდება, ხდება ღრმა, საინტერესო და მრავალწახნაგოვანი…  ზოგჯერ მარტივ გზას ირჩევ და გათელილ ნაკვალევს მიუყვები, თუმცა, მაინც მგონია, რომ რაღაც მომენტში, როცა ამის სითამამე გაქვს, ეს სხვისი ნატერფალებიც უნდა დატოვო და საკუთარი გულის  ნაფეხურებს ყამირ მიწაზე გაუყვე…

გზა შესაძლოა ასჯერ შეიცვალოს, ზოგჯერ სხვას დაემგზავრო, ზოგჯერ სხვამ გადაგკვეთოს, ზოგჯერ  დიდ  გზატკეცილს შეუერთდე, მაგრამ იმ პირობით, რომ რაღაც დროს სვლას ისევ საკუთარი გეზით გააგრძელებ…

ეს ჩემი გზაა, უნდა გავიარო შეცდომებით, მაგრამ ღირსებით, გზის სისწორესა და ხარვეზებზე მთელი პასუხიმგებლობა ჩემზეა…

გზაზე ბევრი შემოგვირბენს და მერე მიგვატოვებს, ან მოვა და სამუდამოდ ჩვენთან დასახლდება. ამ შარაზე გვეჯახებიან, გვსაყვედურობენ, სიყვარულს გვიხსნიან, ხელსაც გვკრავენ, გვეფერებიან და გულს გვიშლიან, დახმარებას გვთავაზობენ და წამოყენებას ცდილობენ… ზოგი ფიქრობს, რომ ამ გზის ღირსი არ ხარ, არადა, შენია და შენ შექმენი, არჩეული გზის გამო გაქილიკებენ… მხოლოდ რამდენიმე გიჭერს მხარს და თუ წაბორძიკდი, ზურგს გიმაგრებს – ჩვენი ცხოვრების ანგელოზები <3

ზოგჯერ თავად გზაა ნაცრისფერი, გაფუჭებული და შესაკეთებელი, ზოგჯერ – ფაფუკი და ფერადი.  ზოგჯერ ამ სრბოლით იღლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი გზა დატოვო – უნდა იქვე ჩამოჯდე, დაისვენო, ჩაისუნთქო და გააგრძელო… ზოგჯერ ამ გზაზე მარტოც ვრჩებით, სრულიად მარტო. მთავარია, ისწავლო განვითარება მარტოობით – გზაზე  ღიღინი და ფიქრი, ჩარჩოს მიღმა აზროვნება და საკუთარი თავის შეცნობა… ამ დროს, ზოგჯერ თავგზააბნეულებიც ვხდებით, ესეც ბუნებრივია…

ძალიან პატარა ვიყავი, როცა ეს სტრიქონები მოვიგონე: მე მაინც მჯერა, რომ ის არსებობს – ატმისფერებში ჩაკარგული უბრალოება და მაინც მინდა, რომ ცხოვრებამ სიტყვა გალექსოს და არა სიტყვამ გადაწყვიტოს ბედის რაობა – პატარა იდეალისტის ფიქრები. მერე… მერე რა მოხდა?! მოხდა ის, რომ „სიტყვამ“ ხშირად ბევრი რამ გადამიწყვიტა და უფრო მეტიც,  მიმახვედრა, რომ ძლევამოსილია… თუმცა არ ვეპუებოდი და ვცდილობდი, მეტი მესწავლა, შემემეცნა და ეს პროცესი არასდროს მიმეტოვებინა იმისთვის, რომ საკუთარი სიტყვისთვის მეტი ძალა მიმეცა…  თუმცა იყო მომენტები, როცა ცხოვრებაც  მილექსავდა სათქმელს და ასე, ენაცვლებოდა…

ჩვენს საქმეში შთაგონება შემდგომი ნაბიჯისთვის შეიძლება მოვიდეს ყველაფრიდან – ღიმილიდან,  უცნაური ნივთიდან,  მარსიდან, თუნდაც მაისურიდან, რომელიც დღეს მაცვია და  აწერია: Never  wait  for big  ideas, work for it  🙂 ჰოდა, უნდა ბევრი ვიმუშაოთ და რაღაც მომენტში, შესაძლოა „დიდ იდეასაც“ მოვეპოტინოთ 😉  

ამ გზაზე ერთ-ერთი ძლიერი მტერია კონფორმიზმი… თუ ხვდები, რომ  სტატუს-კვო შენი არაა, უნდა შეგეძლოს ჩარჩოდან გასვლა და  მის მიღმა შენის ძიება, უნდა შეძლო კომფორტის ზონის დატოვება და უკეთესის ბილიკის გაკაფვა…

ამ გზაზე, შესაძლოა, ისეთი აღმოაჩინო და გამოძერწო, რაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის… რეალურად, ყველაფერი დიდებული სწორედ საკუთარ გზაზე მოსიარულე ადამიანებმა შექმნეს, რომელთაც სჯეროდათ საკუთარი  თავის, გეზისა და  იდეის… ამასთან, წარმატებისკენ მიმავალ მოლიპულ გზაზე ბევრჯერ ეცემი – ზოგჯერ ფეხს გიდებენ,  ზოგჯერ საკუთარ შეცდომებს ეჯახები, ზოგჯერ სულაც საცალფეხო ბილიკიდან ვარდები,  თუმცა აქ  მთავარია, არ  დანებდე, მაინც წამოდგე და სვლა  გააგრძელო… მთავარია მეტი გაბედულება და თან, ღირებულებების ერთგულება… მაგრამ ესეც ხომ უკვე ვთქვი და საერთოდ, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა… ახალს ვერც  მე ვამბობ, რადგან ქვეყნად მაინც არსებობს რაღაც კანონზომიერება, რომელსაც ყველა ვექვემდებარებით…

მოკლედ, ძალიან საინტერესო გზა გვაქვს გასავლელი – მოულოდნელი გაჩერებებით, დაშვებებითა და აღმასვლებით…

მთავარია, ჩვენი  ბილიკი არ დავკარგოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასზე ჩვენი თავი… ამასთან, სხვა გზა ყოველთვის არსებობს, რომელიც, თუ დააკვირდები, ბევრად უფრო შენია…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ფოტოგრაფ ბილი ბილიხოძის #ამბავი

ერთგული ძაღლი ავადმყოფ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდებოდა